​საზოგადოებრივი წესრიგი უნდა შეიცვალოს, ეგოიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა დასრულდეს – ბექა ნაცვლიშვილი 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში დაწყებული დაშლის პროცესის მთავარი კატალიზატორი, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებია, თუმცა თავად მისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ყოფილ თანაგუნდელებს მხარი დაეჭირათ იმ რეფორმების პაკეტისთვის, რომელიც მან შესთავაზა უმრავლესობას. საუბარია საპენსიო სისტემას, საბინაო პოლიტიკაზე, მუნიციპალური საავადმყოფოების მშენებლობაზე და ა.შ.

“ეს საკითხები უკმაყოფილებისა და გზების გაყოფის მიზეზი თუ არ შეიძლება გამხდარიყო, მაშინ სხვა მიზეზს მე ვერ ვხედავ. ხოლო ვის რა მოტივაცია და ტაქტიკა აქვს და რატომ ტოვებენ მმართველ გუნდს, ამას მე ვერ გეტყვით”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. 

როგორც ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, ის ​დამოუკიდებელ საპარლამენტო მუშაობას გეგმავს, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით კი ითანამშრომლებს ყველასთან, – ვინც უმრავლესობა დატოვა, ვინც იზიარებს მის შეხედულებებს.

მისი აზრით, ნაადრევია საუბარი ახალ პარტიაზე, ყველაფერს გააზრება სჭირდება, მაგრამ მიაჩნია, რომ დიამეტრულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი და ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს.

“ამ ეტაპზე, დამოუკიდებლად მირჩევნია საპარლამენტო მუშაობა. მეტი თავისუფლება და მეტი დრო მექნება გავიაზრო მომავალი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადავდგა. ჩემი სამომავლო გეგმები არ უკავშირდება პარლამენტის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, არამედ პარლამენტს გარეთ  საზოგადოებას. მეტი დრო მექნება, ნაკლებად ვიქნები ფრაქციულ თუ სხვა ჯგუფურ პოლიტიკაში ჩართული და მგონია, რომ ამ ფორმით უფრო უკეთესად შევძლებ მიზნების მიღწევას. ნაადრევია საუბარი ახალ პარტიაზე, ყველაფერს გააზრება სჭირდება, მაგრამ დიამეტრულად რომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი და ახალი ძალა უნდა გაჩნდეს, ეს ფაქტია”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მთავარში”. 

მისივე თქმით, დღეს არის უნიკალური შანსი, რომ ​2020 წლისთვის, მთლიანად საზოგადოებრივი წესრიგი შეიცვალოს, რომელიც სოლიდარობის პრინციპს უნდა დაეფუძნოს და არ გაგრძელდეს “ინდივიდუალიზმსა და ეგოიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც წამახალისებელია სწორედ იმ რეფორმების, რასაც მთავრობა ატარებს.

“საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ ვინ ვისთან შევა პარტიაში და ვინ ვისთან შეიკვრება, ახლა მთავარია, ვინ შეცვლის პოლიტიკას, სოციალურ წესრიგს. ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, იმიტომ, რომ ყველამ დაინახა 30 წლის განმავლობაში, როგორც ვცხოვრობთ, რომ ამ წესრიგმა არავის მოუტანა სიკეთე. მოიტანა მხოლოდ მიგრაცია, სიღარიბე, გათითოკაცება, დანაწევრება. ეს თუ არ შეიცვალა, სხვა წესრიგი თუ არ ჩამოყალიბდა, მართლა აღარავინ დარჩება აქ. ახალგაზრდა არ მინახავს დღეს, უცხოეთში წასვლა რომ არ უნდოდეს”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. 

მსგავსი თემები