“საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უსაფრთხოების დაცვას ემსახურება” – უკრაინის ელჩი

უკრაინამ შეშფოთება გამოხატა და დაგმო სოფელ ჩორჩანათან განვითარებული მოვლენები. საქართველოში უკრაინის ელჩის, იჰორ დოლჰოვის განცხადებით, კითხვები ვერ იარსებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე, რადგან ეს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ემსახურება

„ეს არის ჩვენი მეზობლის აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთი დემონსტრირება. კითხვები ვერ იარსებებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯზე, რადგან ეს საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი პოლიციის ბლოკპოსტია, არაფერი სხვა. რუსები არ ჩერდებიან, აგრძელებენ სამხედრო ყოფნის ზრდას. საქართველოს ნაბიჯი კი კანონიერია და გადადგმულია უსაფრთხოების დასაცავად. რასაც ვუცქერთ, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან“, – აცხადებს ელჩი.

მისი თქმით, უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველომაც ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება უნდა მოახდინოს, რადგან აგრესიის შესაკავებელი სხვა ბერკეტები არ არსებობს.

„პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ დოკუმენტებს, 2008 წლის შეთანხმებას, რაც ვთვლი, რომ ძალიან ნათელია. უკრაინის მაგალითზეც ხშირად ნახავთ სიახლეებს ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამავე დროს, იქ ყოველდღე ისმის სროლის ხმა და ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება თავად მოვლენებს, არ მინდა მათ განვითარებაზე სპეკულირება. უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი ახალი პროვოკაციისთვის ნებისმიერ დროს. უკრაინისა თუ საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს კანონიერი ჩარჩოები უსაფრთხოების დასაცავად“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები