“თურნავას არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი ტყიბულში, რადგან პრობლემებს ვერ მოაგვარებს” – დავით ჭიჭინაძე

„ნათია თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში, პრობლემების მოსაგვარებლად,  თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე, რადგან საქმე ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და შესაძლოა უკვე სიცოცხლესაც კი ეხება”, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძის თქმით, ნათია თურნავა პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან მინისტრი თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რომლის მეშვეობითაც ჯერ „თბილსრესი“ „გაკოტრდა“ და შემდეგ შპს „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ აუქციონის წესით გადაცემა მოხდა, რომლის გენერალური დირექტორიც  2010-2012 წლებში სწორედ თურნავა იყო.

“არავისთვის უცნობი არ არის, რომ სს „თბილსრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა, ამასთან საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, არის შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, რომლის დირექტორიც წლების განმავლობაში ყოფილი პრემიერი ბახტაძე იყო. აქვე ცნობისთვის, ქონება დაახლოებით 200 000 000 ლარად იყო შეფასებული,

„საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ კი, მხოლოდ შვიდ მილიონ ლარად იყიდა. ანუ, გადაიხადა იმდენი, რამდენიც დაფარა ჯართის რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ და იმ მიწის ფართობების ღირებულებამ, რომლებიც არ ემსახურებოდა ენერგო საქმიანობას. სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც დღემდე არ განხორციელებულა.

ამასთან, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, რამდენიმე დღეში, ფორსირებულ რეჟიმში მოხდა საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნის წარდგენა და 2012 წლის 11 ოქტომბერს შეთანხმების გაფორმება შპს “საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან” და შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან 100-100 ათას ლარზე 2006-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე.  (მაშინ როდესაც სხვა ფირმები თვეობით და წლობით ელოდებოდნენ საკითხის განხილვას) აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მოთხოვნაში არ დაფიქსირებულა, რა შეუსრულებელი ვალდებულების თანხაზე ითხოვდნენ შეღავათს, არ მომხდარა ვალდებულების განსაზღვრა, დარიცხვა, ან დამალული გადასახადის ოდენობის მითითება. ამ შეთანხმებით  სახელმწიფოს  რეალური მდგომარეობის შესწავლისა და სავარაუდო დამნაშავე პირების გამოვლენის შესაძლებლობა განზრახ მოუსპეს.

და რაც ასევე უმთავრესია, ქ. თბილისის პროკურატურაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ საზოგადოების სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის(ფულის გათეთრება) ფაქტზე. 2013 წელს ძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში. საქმე, ფაქტობრივად, გამოძიებულია, მაგრამ მსვლელობა რატომღაც აღარ მიეცა.

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურნავა მაინც  დაინიშნა  მინისტრად. მათი ერთობლივი საქმეების თანამონაწილე ბახტაძე კი, საერთოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. აი ამ ყველაფრით დაზარალდა, საბოლოო ჯამში, ტყიბული და მეშახტეები. რადგან ტყიბულის ნახშირის წარმოება პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო სწორედ „თბილსრესის“ მუშაობასთან.

ადგილობრივ მოსახლეობას კი, გარდა იმისა, რომ საარსებო მინიმუმიც  აღარ გააჩნია, „საქნახშირი“ და „ინდუსტრიული ჯგუფი“ არათუ მეშახტეების ელემენტარულ შრომით სტანდარტებს უზრუნველყოფს, ადამიანების უსაფრთხოებაა დღემდე დაუცველი. ქალაქი კი, ყოველდღე იცლება მოსახლეობისგან და ათეულობით ტყიბელელი მეშახტე დღეს პოლეონეთში და ჩეხეთში მუშაობენ, იქაურ მაღაროებში”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა მას ტყიბულში ჩასვლა დაავალა, სადაც მეშახტეები 24 სექტემბრიდან საპროტესტო აქციას მართავენ.

მსგავსი თემები