შოთა უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია იმართება

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილისა და “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია მიმდინარეობს.

გორიდან ჩამოსული ახალგაზრდები აცხადებენ, რომ უტიაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა.

„შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე,“ – ისმის ამ შინაარსის შეძახილები უტიაშვილის სახლთან.

ამ აქციასთან დაკავშირებით ეკა კვესიტაძემ, რომელიც უტიაშვილის მეუღლეა, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა და შსს-ს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმაც ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენეს და ბავშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრეტთ. სირცხვილია. პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს მოახდენთ ახლა, დაგაკვირდებით,“ – წერს კვესიტაძე.

ამას გარდა, ეკა კვესიტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც მოუწოდა რეაგირებისკენ და დიპლომატიური კორპუსი საქმის კურსში ჩაყენებაც მოითხოვა.

კვესიტაძე აქციას, ხელისუფლების ზეწოლას მის, როგორც “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის მიმართ ისე განიხილავს. 

„მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის მისამართით. არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს “რუსთავი 2”-ში დარჩენასთან – თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება,“ – წერს ეკა კვესიტაძე.

მსგავსი თემები