ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას ლევან ვასაძეც გეგმავს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებების ჩაშლას. 

„მოვუწოდებ ყველას, არავითარი ცემა-ტყეპა, არავითარი კომბალი ან იარაღი, უბრალოდ, შევდივართ შიშველი ხელებით კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას“, – ამბობს ვასაძე

ლევან ვასაძე კინოთეატრების მფლობელს მოუწოდებს, ფილმის სეანსები გაუქმოს.

“მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ. გია, გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ შენს კონოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა, დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდში დაგიდგებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შენ არ აკადრებ შენს და ჩემს სამშობლოს ასეთ შეურაცხყოფას და გააუქმებ ამ სეანსებს”, – აცხადებს ვასაძე ვიდეომიმართვაში.

ლევან ვასაძე გია ბაზღაძეს აფრთხილებს, რომ “არეულობების დროს” შესაძლოა იმაზე მეტი ზარალი მიიღოს, ვიდრე ამას სეანსების გაუქმებით მიიღებს.

“გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რომელსაც ღმერთმა ნუ ქნას, შენმავე კინოთეატრებმა შეიძლება განიცადოს ამ არეულობების დროს. იქ იმდენი ხალხი აპირებს მისვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ ვიძალადოთო, რა იცი, იქ რა მოხდება”, – ამბობს ვასაძე.

ფილმის ჩაშლის მუქარა თავდაპირველად ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფება “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საპატრიარქოსა და მრევლს მოუწოდა, 8 ნოემბერს ქუჩაში გამოვიდნენ და ოსკარზე წარდგენილი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრეზენტაცია ჩაშალონ.

ფილმის პირველი ჩვენება 8 ნოემბერს უნდა შედგეს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

მსგავსი თემები