სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელდება

სალომე ზირაბიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანები იქნება საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია; პრეზიდენტის არქივის წარმოება.

სამდივნოს უხელმძღვანელებს სამდივნოს უფროსი, რომელსაც სამსახურში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მიიღებენ.

ამასთან, ადმინისტრაციაში არსებული რვა სამსახურის ნაცვლად, ჩამოყალიბდება შვიდი. იცვლება მედიაცენტრის სახელწოდება და ის კომუნიკაციის სამსახურის სახელით გააგრძელებს საქმიანობას.

ხდება შემდეგი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია – იურიდიული სამსახურის, მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახურის, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის. შედეგად ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის, ასევე სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური.

ცვლილება არ შეეხება პროტოკოლის; დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა; საფინანსო; სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებს.

ცვლილებები 21 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები