“ჰესები უკვე საზიანო გახდა!” – მთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დღეს, მაღალმთიანი თემის მოსახლეობა თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე სასტუმრო “იოტასთან” საპროტესტო აქციას მართავს. 

აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას და “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს” (IBRD) მოუწოდებენ არ დააფინანსონ აღნიშნული პროექტი.

ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვენ გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, სტიქიით მიყენებული ზიანის გამო დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი.

“ჰესები უკვე გახდა საზიანო. მაგალითად მოვიყვან შარშან, ჭუბერის სტიქიას, როცა მდინარე ხოკრილა ადიდდა. ეს მდინარე ნენსკრას პატარა შენაკადია და რომელიც იმდენი ჩიჩქნეს, გათხარეს… დამცავი ზოლი, რომელიც აკავებდა მას ტყის მასივის სახით, ის ტყე აღარ არსებობდა და წამოიღო და წალეკა ყველაფერი. რამდენი ჰიდროელექტროსადგური მუშაობს დღეს, რაც კი აშენებულა, ვეკითხები ხელისუფლება? არც ერთი. მათ შორის არც ენგურჰესი. იქ სავალალო მდგომარეობაა და ამას მიზანმიმართულად უმალავენ ხალხს, სახალხო აჯანყებას მიიღებენ, როგორც ვატყობ, იმიტომ, რომ მიდიან ერის და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ. გამოჰყავთ სპეცდანიშნულების რაზმები. შსს-ს შენაერთები. ხალხთან კომუნიკაცია არ არის. მეცნიერულ დონეზე ყველა მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს არ შეიძლება და დაუშვებელია. რამდენი ადამიანი შეეწირა კუსტარულად ნამუშევარს, არ ამართლებს ეს ჰიდროელექტროსადგურები”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. როგორც ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, ჰესების პროექტებთან დაკავშირებით ის უკვე წლებია ხელისუფლებას უპირისპირდები. ამის გამო, შეთავაზებულ მაღალ თანამდებობებზე თქვა უარი.

​მისი შეფასებით, ჰესების მშენებლობა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მთას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. “ნენსკრა ჰესი”, რომელი დიდი ჰესია, განთავისუფლებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფორმალური ზედამხედველობის პროცედურისგანაც კი.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ნახევარი ქვეყანა აღარ გვექნება. მთის დაკარგვა საერთოდ საქართველოს დაკარგვას ნიშნავს. არა მარტო მთის მოსახლეობას ემუქრება საფრთხე, არამედ ბარსაც. ორ ადგილას გავმართავთ დღეს აქცია. ვიწყებთ IBRD -ის კონფერენციის პარალელურად ამ სასტუმროსთან, იმიტომ რომ ბანკი შეიძლება გახდეს იმ პროექტების დონორი, რასაც ჰქვია საქართველოში ჰესების მასობრივი მშენებლობა. პოლიციური ძალადობით ცდილობს ხელისუფლება ააშენოს ჰესები. ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადავინაცვლებთ, რომელიც მთავარი პასუხისმგებელია”, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.  

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა სვანეთის რეგიონში, კერძოდ მდინარე ნენსკრაზე, ჭუბერის ხეობაშია დაგეგმილი. მისი სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება და წლის განმავლობაში დამატებითი 1,200 000 000 კილოვატ/საათი ენერგიის მიღებას ითვალისწინებს.  

ამ ეტაპზე ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ჰესი ექსპლუატაციაში 2025 წლისთვის შევა. სამუშაოები მისასვლელი გზების მომზადებას, ხიდების მშენებლობასა და იმ ინფრასტრუქტურის შექმნას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია ძირითადი სამუშაოების დაწყებისთვის. 

„ნენსკრა ჰიდროს” ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე აცხადებს, რომ პროექტი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

ჰესებისა და სხვა საფრთხის შემცველი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა არაერთხელ გააპროტესტა ადვგილობრივებმა მოსახლეობამ.


მსგავსი თემები