“ჯერჯერობით პანდემია გრძელდება, ბევრ სახელმწიფოში არის მზარდი სტატისტიკა” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჯერჯერობით პარლამენტის მუშაობა რჩება შეზღუდული და ყველაფერი კეთდება, რათა საქმიანობის ჩვეული რეჟიმი დროულად აღდგეს.

ეს კი, თალაკვაძის განმარტებით, სწორედ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო არ იყოს, თუმცა აღნიშნული ეპიდსიტუაციაზე და ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციებზე არის დამოკიდებული.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნის საკითხს, თალაკვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა ისე უნდა განხორციელდეს, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესება არ გამოიწვიოს.

„რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ არ არის სტანდარტული ვითარება, ჯერჯერობით პანდემია გრძელდება, ბევრ სახელმწიფოში არის მზარდი სტატისტიკა. კარგია, რომ გავხსნათ ეკონომიკა, კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ძალიან რაციონალურად, რომ არ გამოვიწვიოთ სადმე, რომელიმე რაიონში, რომელიმე რეგიონში ეპიდსიტუაციის გაუარესება, რომელმაც შემდეგ შეიძლება, მეორადად დაგვაზარალოს. ამიტომ აქ არის ძალიან რაციონალური და ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებები მისაღები. მე მაქვს კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან მთელს მსოფლიოში და ასევე თვალს ვადევნებ, თუ როგორ მუშაობენ პარლამენტები სხვა ქვეყანაში. ყველგან ჯერჯერობით პარლამენტების მუშაობა რჩება შეზღუდული და, რა თქმა უნდა, ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად აღვადგინოთ ჩვენი საქმიანობის ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები