ხვალიდან ამინდი უარესდება, თოვლისა და ქარბუქის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

გარემოს ეროვნული სააგენტო ხვალიდან, 17 იანვრიდან, საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესებას პროგნოზირებს. მკვეთრად დაიკლებს ტემპერატურა, მოსალოდნელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი იქროლებს. მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლს, ნისლსა და ქარბუქს ელიან. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერი ნალექის შედეგად მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურებაა მოსალოდნელი.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქარბუქის და ინტენსიური თოვლის გამო ზვავსაშიშროება მოსალოდნელი  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე.

გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა. ხოლო მლეთა – გუდაურის მონაკვეთზე, კერძოდ, სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. რასაც კოორდინაციასა და ზედამხედველობას საპატრულო პოლიცია გაუწევს.  

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე – ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ 112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე. აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა.  

ასევე, გაწმენდილია და მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა თურქეთის საზღვართან მდებარე ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, თუმცა საავტომობილო გზის კმ1 – კმ36.5 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები – ქარი, ნამქერი და შეზღუდული ხილვადობაა. 

მსგავსი თემები