ხე-ტყის ჩეხვა სტიქიის მაპროვოცირებელი ვერ იქნებოდა – გეომორფოლოგი სვანეთის მოვლენებზე

​გეომორფოლოგი ხათუნა ქვლივიძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ხე-ტყის უკონტროლო ჩეხვა გამხდარიყო მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის მიზეზი და აცხადებს, რომ მდინარეების ნენსკრასა და ჰოკრილას ხეობებში იმდენად ძლიერია დახრილობა, რომ ძნელი წარმოსადგენია, იქ ტყის ინტენსიური გაჩეხვა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდეს, მოსახლეობის მიერ ინდივიდუალურ ჭრას კი ამ მასშტაბის სტიქია არ უნდა გამოეწვია.

როგორც მედიაცენტრ “მთავარში” ხათუნა ქვლივიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგიონი არ ხასიათდება მეწყრული კლასიფიცირებით, იქ არის მდგრადი ფერდობები, თუმცა როცა მდინარე ძალიან მტკიცედ და ინტენსიურად ამუშავებს რელიეფს, ვითარდება გვერდითი ეროზია, ქანების დანგრევა და მოშლა.

“საქართველოში ხე-ტყის უსისტემო ჩეხვა ზოგადად სერიოზული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რელიეფი მდინარე ნენსკრასა და მდინარე ჰოკრილას შემთხვევაში იმდენად მკვეთრია, იქ ინტენსიური გაჩეხვა რამდენად შესაძლებელია სპეციალური ტექნიკის გარეშე, ამას ნამდვილად ვერ მოგახსენებთ. ძალიან მკვეთრი, ციცაბოდ დახრილი ფერდობებია და ინდივიდუალურად, თითოეული მოსახლის მიერ ხის მოჭრას, არ მგონია სტიქიის მიზეზი გამხდარიყო”, – აცხადებს ხათუნა ქვლივიძე.

​მისივე განმარტებით, სტიქიის მიზეზი შესაძლოა იყოს მყინვარის დნობა. დნობის პირობებში მყინვარული ენა განიცდის დანაპრალებას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს მყინვარული ენის მოწყვეტა-ჩამოშლა. მოწყვეტილი სხეული შესაძლოა წასულიყო მდინარე ჰოკრილას ხეობაში და გარკვეულწილად რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩაკეტავდა მდინარეს.

ნენსკრაჰესის მშენებლობას რაც შეეხება, გეომორფოლოგის აზრით, კონკრეტულ შემთხვევაში მომხდარი არ უკავშირდება ჰესის მშენებლობას.

“ჰესის მოედანი გაცილებით შორს არის სტიქიის ზონიდან, შესაბამისად ჰესს ამას ვერ დავაბრალებთ, თუმცა ჰესის მშენებლობის დროს ასეთი ფაქტორები გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე, უნდა შეისწავლონ ის მოვნელები და პოტენციალი, რომელიც ამ ხეობას აქვს და რა შედეგებზეც შეიძლება გაგვიყვანოს”, – აცხადებს ხათუნა ქვლივიძე.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. წაღებულია ხიდები, დანგრეულია გზები,  სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს.

მსგავსი თემები