„ხელი არ გაგვიჭრია და სისხლი არ შეგვიერთებია“ – გია ჟორჟლიანი „პატრიოტებში“ გაწევრიანებაზე

 „საპარლამენტო ფორმატი არ ნიშნავს იმას, რომ ხელი გავიჭერით, სისხლი შევაერთედ და ფიც-ვერცხლი ვჭამეთ. დამოუკიდებელი პლატფორმები იქნება, შევიტანთ კანონპროექტებს და ვიმუშავებთ დამოუკიდებლად“ – ასე ახსნა დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა „პატრიოტთა ალიანსში“ გაერთიანება „მედიაცენტრ მთავარში“.

სოციალური საკითხები და პატრიოტიზმი, ეს ის ძირითადი საკითხებია, რამაც „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „პატრიოტთა ალიანსთან“ გააერთიანა.

როგორც გია ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ამ გაერთიანებაში უცნაური არაფერია, რადგანაც საპარლამენტო ცხოვრება ასე მოითხოვდა.

„ეს არის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატი და გაერთიანებაში განსაკუთრებით უცნაური არაფერია. სხვადასხვა ფრაქციებში, მათ შორის უმრავლესობაში, სხვადასხვა პარტიის ხალხია გაერთიანებული და რა პრობლემას ხედავთ? ფრაქციას ეწოდება “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები”, ეს ასახავს იმას, რომ ორი პარტიის ხედვაა წარმოდგენილი. პლატფორმას ჩვენ ჩვენსას შევიმუშავებთ და ისინიც თავისას შეინარჩუნებენ. უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულა საშუალო, დაბალ-საშუალო და დაბალ შემოსავლიან ადამიანთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპები. თანასწორობა სოლიდარობასთან არის დაკავშირებული და ეს ყველაფერი დაკავშირებულია პატრიოტიზმთან“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები