“ხაჯიმბა მეორე ტურში არააფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა” – ჯემალ გამახარია

“ხაჯიმბა მეორე ტურში არააფხაზური მოსახლეობის ხმებით გავიდა, რაც რუსეთმა უზრუნველყო. მეორე კი, ძირითადად, აფხაზური მოსახლეობის ხმებით”, – ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე საუბრისას განაცხადა “მედიაცენტრ მთავარში”

გამახარია ვარაუდობს, რომ აფხაზების მიერ არჩეული დე-ფაქტო მმართველის პირობებში, რუსეთს ანექსია, ძალიან გაუჭირდება.

“ხაჯიმბა გასულია არააფხაზური მოსახლეობის ხმებით, რაც რუსეთმა უზრუნველყო. მეორე კი, ძირითადად, აფხაზური მოსახლეობის ხმებით. პრინციპულად საქართველოში ბევრი რამ შეიძლება არ შეიცვალოს. აფხაზების მიერ არჩეული იქაური დე-ფაქტო მმართველის პირობებში, ანექსია რუსეთს, ალბათ, ძალიან გაუჭირდება, თუკი ის არ მიმართავს ღია აგრესიას.

ჩვენთვის უფრო სასურველი იქნება პიროვნება, რომელსაც აფხაზური მოსახლეობა დაუჭერს მხარს. არანაირი ილუზია არ გაგვაჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ ის საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკას შეცვლის. საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკა არ შეიცვლება, ეს ცხადია. თუმცა, აქ მთავარია რუსეთთან მიმართებაში რა პოლიტიკა ექნება ამა თუ იმ კანდიდატს”, – განაცხადა  აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გამარჯვებული კანდიდატის გარეშე დასრულდა. მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ოლეგ არშბა დაუპირისპირდებიან.

მსგავსი თემები