ხანძრის ახალი ტალღა – ამჯერად ცეცხლში „ლილო სითი“ გაეხვა

17 სახანძრო ბრიგადა „ლილო სითი“-ში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, განადგურებულია დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და ამ ტეროტორიაზე არსებული პროდუქცია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დამწვარი ტერიტორიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

„ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. საუბარია შერეული ტიპის ტანსაცმელზე. ზარალის ზუსტ ოდენობას ვერავინ იტყვის. დაშავებული არავინაა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები,“ – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი, თუმცა, დივერსიაც არ გამოირიცხება.

„ლილო სითის“ მეპატრონე ბიზნესმენი ლაურა ღაჭავაა. „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი ზვიად ქორიძე კი ამბობს, რომ ხანძრის განზრახ გაჩენაც არ გამოირიცხება.

ხანძრის გამო, ადგილზე პანიკა შეიქმნა, ყველა მოვაჭრე თუ ობიექტის მეპატრონე რომელმაც ხანძრის შესახებ შეიტყო, ლილოში წავიდა და პროდუქციის გადასარჩენად, საწყობებიდან სავაჭრო ინვენტარის გამოზიდვა დაიწყო. ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.





მსგავსი თემები