ბაღდათში ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა, ამათგან 4 ბავშვი იყო

ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე ორ წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხუთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო ერთი ქალი და ოთხი არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, – აცხადებენ უწყებაში.

ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. მომხდარს ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.

მსგავსი თემები