” ხალხი რომ დაიფანტა, პარლამენტის კიბეზე მეგობრის მოსაძებნად ავედი”- აქციაზე დაკავებული პირი 20 ივნისის ღამეს იხსენებს

ოცი ივნისის აქციაზე დაკავებული მოქალაქე მიხეილ მაღლაკელიძე თვლის, რომ ბრალდება, რის გამოც ის აქციაზე დააკავეს, იყო აბსურდული არამხოლოდ მის, არამედ სხვა დაკავებულებთან მიმართებაშიც. ამის შესახებ მაღლაკელიძე თავის ადვოკატ ლევან ჩხეიძესთან ერთად, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პარლამენტის წინ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი, ღირსების დასაცავად მივიდა, მას შემდეგმ რაც რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმდომარის სავარძელში იხილა.

“არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ იქ მისვლა უშუალოდ ჩემი ვალდებულება იყო, როგორც ქართველის და როგორც რიგითი მოქალაქის. აღმაშფოთა იმ ფაქტმა, რომ იქ, სადაც ერის საჭირბოროტო საკითხი წყდება, ვინმე გავრილოვი „იჩითება“ და ამ სკამზე ჯდება.

პირველი შეტევა რომ განხორციელდა, წიწაკის და მერე მხუთავი გაზი რომ გაუშვეს, ხალხი დაიფანტა, მაგრამ ამ გაქცეულ ადამიანებს პოლიციელებმა ფილარმონიამდე სდიეს. მათი მოვალეობა ხომ ის იყო, რომ პარლამენტის შენობა დაეცვათ, რა უნდოდათ იმ ადამიანისაგან, რისთვის მისდევდნენ? _ კითხულობს მიხეილ მაღლაკელიძე.

აქციის დროს დაკავებული თავისი დაკავების მიზეზსაც განმარტავს და აცხადებს, რომ მას არ დაუნახავს მოქალაქეები, რომლებიც ქვებს ისროდნენ და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ.

” ხალხი რომ დაიფანტა, მე პარლამენტის კიბეზე ავედი მეგობრის მოსაძებნად, ხელმარცხნივ მოხუცი ქალი დავინახე, რომელიც პოლიციელს ესაუბრებოდა, მაგრამ რაზე საუბრობდნენ, არ გამიგია. შემდეგ ვხედავ, რომ ერთი აგრესიულად განწყობილი სპეცრაზმელი, 100-150 მეტის დაშორებით მდგომ ამ მოხუც ქალბატონს, ტყვიას უმიზნებს, მაშინვე დავეტაკე, რას ჩადიხარ მეთქი, მერე კი იმ ქალბატონს ჩავეხუტე და ზურგით დავდექი, რომ თუ მესვროდნენ, ზურგში მომხვედროდა. ჩავიყვანე ქალბატონი კიბეზე და ისევ მეგობრის საძებნელად ავედი. ისე მოხდა, რომ იქ პოლიციის კორიდორი იყო, სულ “პანჩურებით” მცემეს, დაბლა დამაგდეს, ბოლოს ერთი პოლიციელი გადამეფარა. რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც თითქოს ქვას ისროდნენ და აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ვერაფერს გეტყვით, მე ასეთი რამ არ დამინახავს, – იხსენებს აქციაზე დაკავებული მოქალაქე “მედიაცენტრ მთავართან” .

მიხეილ მაღლაკელიძემ სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში 3 დღე გაატარა. ის 166-ე და 173-ე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მაღლაკელიძე ბრალდებას კატეგორიულად არ ეთანხმება.

მსგავსი თემები