„ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს“ – დიმიტრი ხუნდაძე დავით ქევხიშვილზე 

 

სპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე დღეს, ქართველ ძიუდოისტთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ღიად გასაჯაროებული ფაქტები “ოჯახში დამალვას” კი არა, სათანადო დონეზე შესწავლას საჭიროებს.
როგორც “მთავარს” დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა, უკვე რამდენიმე დღეა, ქართველ ძიუდოსიტთა მოთხოვნებს ისმენს საზოგადოება და ისეთი ფაქტები გასაჯაროვდა, რომელთა შესწავლა დროულად უნდა დაწყებულიყო.

“ისეთი ფაქტები გასაჯაროვდა, ​რამაც შოკში ჩაგვაგდო ყველა. ველოდი, რომ უმალვე დაიწყებოდა ამ ფაქტების შესწავლა. დღეს კი, ამ სახელოვანი ბიჭებისგან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მივიღეთ. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციები თანდათან უფრო მწვავე ფორმას იღებს, რაც არასასიამოვნოა ჩვენთვის”,- აცხადებს დეპუტატი.

დიმიტრი ხუნდაძის აზრით, საყურადღებო იყო დღეს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვის მიერ გაკეთებული განცხადებები, რითაც პროცესები ჩიხში შევიდა და კითხვებზე პასუხი არ არსებობს.

“ძიუდოისტების მიერ საჯაროდ გაცხადებულ ასეთ ფაქტებზე არა ოჯახის შიგნით უნდა იმსჯელონ, არამედ სათანადო დონეზე უნდა შეისწავლონ. სხვაგვარად ჩვენ, როგორც ხელისუფალნი არ ვიქნებით სამართლიანი საზოგადოების წინაშე. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ამ გზით წავა პროცესები და სიმართლე დადგინდება. თუმცა, ძნელად მეგულება ადამიანი, ვინც დღეს ამ ბიჭების გულწრფელობაში ეჭვს შეიტანს. რაც შეეხება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას, როდესაც საკუთარი გუნდი, რომელიც საქართველოს სახელს ყოველთვის ღირსეულად წარმოაჩენს, ღიად დაგიპირისპირდება, სხვა არაფერი დაგრჩენია რომ წახვიდე. ჭკვიანი კაცი გუნდის გარეთ არასოდეს თამაშობს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით, ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს, მთავრობის კანცელარიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

მსგავსი თემები