ჭავჭავაძის გამზირი მაისის ბოლოს დაიკეტება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება. საგზაო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და გამზირი ნაწილობრივ ჩაიკეტება. გამზრირზე გზის საფარი მოწესრიგდება, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების ქსელები დამონტაჟება.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე გზის ჩაკეტვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე მოხდება.

„თვის ბოლოს ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას დავიწყებთ, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერს“ ჩამოყვანილი ჰყავს გერმანელი ექსპერტები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობას ზედამხედველობას გაუწევენ. პარალელურად, ჩვენი საქალაქო სამსახური კონტრაქტორთან ერთად, გამზირის მთლიანად მოწესრიგებას დაიწყებს. ეს არის საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, გარე განათების ქსელის შეცვლა, LED განათებების დამონტაჟება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ განთავსება, გამწვანების სამუშაოების ჩატარება. განახლებული, ყველანაირად მოწესრიგებული გამზირი გვექნება, რომელზეც შესაბამისი საავტობუსო ზოლები განთავსდება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყველაზე სწრაფად იმოძრაოს“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები