ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

თბილისში ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის ბოლო ფენა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიგება.

„გასულ წელს დავიწყეთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საკომუნიკაციო ჭების თავები წამოწეულია და გამზადებულია, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ეს პროცესი ხვალ საღამოს დაიწყება და კვირის ბოლომდე ატენის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად დასრულდება. ამ სამუშაოების პარალელურად, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილება დასრულებულია. იქაც ქვედა ფენებში გზა მოეწყო და დროებითი საგზაო მონიშვნებიც დაიხაზა. ჭავჭავაძის გამზირი დაახლოებით, სამი კილომეტრია, რომელიც მთლიანად განახლდება და ულამაზესი პროექტი გამოვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სანიაღვრე ქსელს. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი კი ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის გამზირის სრული ადაპტირება ხდება. გარე განათების ქსელი სრულად შეიცვალა, ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, დამონტაჟდა სახანძრო ჰიდრანტები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყო ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები. გამზირზე ეწყობა ველობილიკიც.

მსგავსი თემები