„წყალსატევებიდან წყლის დალევა არ შეიძლება“ – დაავადებათა კონტროლის რეკომენდაციები

“წყლის დალევა არ შეიძლება წყალსატევებიდან. ასევე, განსაკუთრებით ყურადსაღებია პატარა, დამდგარ წყალსატევებში ბანაობა, რა დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიდ წყალსატევებს, ზღვას, ტბას, აქ საშიშროება არ არის“ – აღნიშნულ თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ზაფხულში, კვების პროდუქტებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მოსახლეობას რამდენიმე რეკომენდაცია მისცა. 

„კვებასთან დაკავშირებით, ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია: სიცხის დროს, მაგალითად მწვანილზე შეიძლება, 1-2 მიკრობი მოხვდეს და ამით არაფერი მოგვივიდეს, თუმცა, თუ ეს მწვანილი მოხვდება სალათებში, შეიძლება 2 საათის გასვლის შემდეგ, პრობლემა გახდეს, რადგანაც, მაღალ ტემპერატურაზე, მიკრობები სწრაფად მრავლდება. ასევე, სიფრთხილეა საჭირო რძის პროდუქტებთან, მაიონეზთან, არაჟანთან დაკავშირებით. თუ მიკრობი სალათში მოხვდა, ის საკმაოდ სწრაფად გამრავლდება. სასურველია არაჟნით ან მაიონეზით, სალათი სუფრაზე გატანამდე გავაწყოთ“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ მედიაცენტრ მთავარში.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ზაფხულში, ყველა პროდუქტი საფრთხილოა, განსაკუთრებით კი რძის პროდუქტები, ხორცის ნახარში, მაიონეზი, არაჟანი და აღნიშნული ჩამონათვალით შეზავებული სალათები.

მსგავსი თემები