არ გამოვიყენებ ჩემს სტატუსს რომ ვუკარნახო ბახტაძეს, მიიწვიოს თუ არა წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში – ზაქარია ქუცნაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ არ გამოიყენებს თავის სტატუსს იმისათვის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს უკარნახოს მინისტრთა კაბინეტში მიიწვიოს თუ არა იუსტიციის უკვე ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი.

“თავს შევიკავებ რამე რჩევა მივცე ახალ პრემიერს, მიიწვიოს წულუკიანი მინისტრთა კაბინეტში თუ არა, ეს მისი პრეროგატივაა, მივცეთ მას თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. თუ ჩათვლის საჭიროდ მიიწვევს”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, ​სარალიძის საქმემ გამოავლინა პრობლემები სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოს საქმიანობაში, გაჩნდა ეჭვი და ამის გამო ორი, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – მთავარი პროკურორი გადადგა და პარლამენტმა დაიწყო გამოძიების მიმდინარეობის შემოწმება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის სახით, კერძოდ, ხომ არ ჰქონდა ადგილი ვინმეს მხრიდან გამოძიებაში ხელოვნურად ჩარევას და ფაქტების გაყალბების მცდელობას.

“საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, რომელიც ოქტომბერში შევა ძალაში, ​პარლამენტის როლი დღითი დღე გაიზრდება, რაც არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერის კომპეტენციაში უნდა შევიჭრათ. ეს თვითცენზურა დეპუტატებმა ჩვენ თვითონ უნდა დავუწესოთ საკუთარ თავს. ამას გვავალდებულებს კანონიც, მეორე მხრივ მინდა რომ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, სწორი, სწრაფი და რაც შეიძლება ეფექტიანი რეფორმების გასატარებლად”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

 

მსგავსი თემები