520 მილიონი ლარის ოდენობის დღგ საწარმოებს წლის ბოლომდე დაუბრუნდებათ

​პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დღგ-ს დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ, რაც კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას ნიშნავს.

როგორც მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, დღგ-ს დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავისტკივილი. შესაბამისად აღნიშნული რეფორმა არის წარმატებული.

“520 მილიონი ლარის ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ დაბრუნება, ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის ძალიან წარმატებული რეფორმა და ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში დაინერგება, ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს გახდის“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ახალი საბაჟო კოდექსის პარლამენტი ამჟამად განიხილავს, რომელიც მათ შორის საბაჟო მონაცემების 100%-ის გაციფრულებას მოიცავს.

მსგავსი თემები