“წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია, ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს რობაქიძე, მოლაშვილი” – სოფო კილაძე

“წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს, ასევე ბუტა რობაქიძე, სულხან მოლაშვილი”, – ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს უნდა ბოროტად რაიმეს გამოყენება, სულ არ სჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო.

„ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სახელი. რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანად, როდესაც ადამიანის უფლებების შეზღუდვას ეხება საქმე, ბუნებრივია ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი უნდა იყოს აქტიური და ჩვენ გუშინდელ საკომიტეტო განხილვაზეც ვიყავით. კოლეგებო, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რისკი ადამიანის უფლებებში არათანაზომიერი ჩარევის, არსებობს გარკვეული საფრთხეები, თუმცა ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ დავაზღვიოთ ეს საფრთხეები და რისკები და ერთად მსჯელობით მივიდეთ ისეთ კონდიციამდე, რომ ეს რისკები მაქსიმალურად გამოირიცხოს. თუ რომელიმე კოლეგა მეტყვის, რომ ეს კანონი არ შეიძლება მივიღოთ იმიტომ, რომ შეიძლება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენოს, ამ კოლეგას მე შემიძლია ვუთხრა, რომ წინა ხელისუფლებას არანაირი კანონი არ მიუღია საერთოდ ისე აწამეს გირგვლიანი და მოკლეს, ასევე ბუტა რობაქიძე, სულხან მოლაშვილი. ეს არ მომხდარა კანონის საფუძველზე ანუ თუ ვინმეს უნდა ბოროტად რაიმეს გამოყენება სულ არ ჭირდება ამისთვის არც კანონი, არც სასამართლო და ეს ძალიან მოკლე ხნის წინ ვნახეთ ყველამ. ამ შემთხვევაში პარლამენტში ჩვენი კოლეგების მხრიდან შემოტანილია ისეთი კანონპროექტი, რომელიც საფუძველს ქმნის გარკვეულწილად ადამიანის უფლებებში ჩარევის და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ჩარევა იყოს თანაზომიერი. საქართველოს პარლამენტი, ვართ სწორედ ის ორგანო, რომელმაც ზედამხედველობა უნდა განახორციელოს, რათა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები. ჩვენ ხელთ გვაქვს ის ძლიერი ბერკეტები, რომლებიც დევს საქართველოს კონსტიტუციაში და რომელიც სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი თემები