“წიგნი უნდა შეგვაძულონ? რა დროს ბორშჩი და ხარჩოა?” – ბიბლიოთეკარები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისის მერის მიერ დაანონსებულ საბიბლიოთეკო რეფორმას, ამ სფეროს წარმომადგენლები ეხმიანებიან და დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. ბიბლიოთეკარები დარწმუნებულნი არიან, რომ კალაძემდე ინფორმაცია სრულყოფილად არ მიდის და მთელი რიგ საკითხებზე მას მცდარი წარმოდგენა ექმნება.    

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვარკეთილში არსებული N35 ბიბლიოთეკის უფროსმა და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნანა ლურსმანაშვილმა განუცხადა, მისთვის შეურაცხმყოფელი იყო იმ ბრალდების მოსმენა, თითქოს ბიბლიოთეკებმა ფუნქცია დაკარგეს, იქაურობა სამზარეულოდ არის ქცეული და ბორშჩი და ხარჩო იხარშება.

ნანა ლურსმანაშვილი აპირებს, ასეთი შეურაცხყოფისთვის სასამართლოს მიმართოს.

“40 წელია ბავშვებს წიგნის სიყვარულს და კულტურას ვასწავლი, რა ბორშისა და ხარჩოს მოხარშვაზეა საუბარი? არ მგონია, ეს კახა კალაძის მოსაზრება იყოს. მასთან ცუდად არის მიტანილი ინფორმაცია. 2 წელია, გვდევნიან. დაასახელონ მაშინ ის ბიბლიოთეკა და იმათი სახელები, სადაც ბორშჩი იხარშება. მიზანმიმართულად მიდის ჩვენი დისკრედიტაცია. სოფო ხუნწარიამ პირველ შეხვედრაზე რომ დაგვიბარა, თითი გვიქნია, – შემეძლო არ შეგხვედროდით და ისე გამეშვით სამსახურიდანო. ჩემი გაშვებაც უნდოდათ სამსახურიდან. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქალაქში არსებობს ბიბლიოთეკა, 100 და 200-წლოვანი ისტორიები აქვთ, ჩვენთან კი გაუქმება უნდათ. აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. რა დროს ბორშჩი და ხარჩოა, მათ შენობები უნდათ”, – აცხადებს ნანა ლურსმანაშვილი და დასძენს, რომ მისთვის მიუღებელია ის რეფორმა, რაც საბიბლიოთეკო კულტურის განადგურებას უწყობს ხელს. 

მისივე თქმით, N35 ბიბლიოთეკას ბევრი და აქტიური მკითხველი ჰყავს.

“ის არ არის რეფორმა, რაც ხუნწარიას უნდა. ეს ნარმანიას და უგულავას დროინდელი პროექტია. ბიბლიოთეკები აღარ უნდა იყოს ქალაქში, უნდა იყოს 4 მედიათეკაო. ამ სფეროში მომუშავე ასობით ადამიანი სად უნდა წაგვიყვანონ. 300 ლარი მაქვს ხელფასი და წლებია ამ საქმეს ვემსახურები. ჩვენი პროფესიის ადამიანები თითქმის აღარ არსებობენ. წიგნი და ბიბლიოთეკა ხომ არ უნდა შეგვაძულონ”, – აცხადებს ბიბლიოგრაფი ნანა ლურსმანაშვილი. 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაგეგმილ საბიბლიოთეკო რეფორმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  არც ერთი ბიბლიოთეკარი სამსახურს არ დაკარგავს, თუმცა რაც დღეს, ბიბლიოთეკებში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია. “ბიბლიოთეკებში ძირითადად ბორშჩსა და ხარჩოს ხარშავენ და ახალგაზრდას იქ შესვლის სურვილი აღარ უჩნდება. შესაბამისად, რეფორმა აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები

One Thought to ““წიგნი უნდა შეგვაძულონ? რა დროს ბორშჩი და ხარჩოა?” – ბიბლიოთეკარები კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ”

  1. მზია

    დიდი ხანია ბიბლიოთეკის მკითხველი ვარ და არცერთ ბიბლიოთეკაში არ შევსწრებივარ საჭმელების გაგეთების პროცესს, არც რაიმე ხარჩოს და ბორშჩის სუნი მიგრძვნია… პირიქით, ძალიან კარგი გარემოა და იქ პროფესიონალები მუშაობენ. ასე რომ ქალაქის მერი შეცდომაშია შეყვანილი! არსებულ ბიბლიოთეკებს ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს, რომლებიც კმაყოფილები არიან. იქნებ საზოგადოების აზრი გაითვალისწინოთ, სანამ ე.წ. რეფორმას განახორციელებთ!