წელს, თბილისში 68 გველი დაიჭირეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, მაშველ შოთა ზანდუკელის განცხადებით, დედაქალაქში, სტატისტიკურად ქვეწარმავლების რაოდენობა შემცირებულია.

როგორც შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისში, იანვრის თვიდან დღემდე, მხოლოდ 68 ქვეწარმავალი დაიჭირეს.

“ქალაქის მასშტაბით, თუ გასული წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებს შევადარებთ, სურათი რადიკალურად შეცვლილია. კლიმატური პირობების გამო, ვინაიდან, გაზაფხული ძალიან ცივი და არასტაბილური იყო, წლევანდელი სტატისტიკური მონაცემებით ბევრად შემცირებულია ქვეწარმავალთან დაკავშირებით გამოძახებები. შარშან, იანვრის თვიდან, მაისის თვის ჩათვლით, იყო 162 დაჭერილი ქვეწარმავალი, ხოლო, წელს, მხოლოდ 68, იანვრის თვიდან მოყოლებული დღემდე,”- განაცხადა ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შოთა ზანდუკელი მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალს შეხვდებით, ცხოველთა მონიტორინგის ცხელ ხაზს – 421-424 დაუკავშირდნენ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ. ჰერპეტოლოგის თქმით, გველების სახეობების გადარჩევის შემდეგ, ქვეწარმავლებს დაუსახლებელ პუნქტში, ქალაქიდან შორს უშვებენ.

“მოსახლეობას მინდა ვთხოვო, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალს შეხვდება დაგვიკავშირდნენ ჩვენს ცხელ ხაზზე – 421-424. ჩვენ, 24 საათის განმავლობაში დავეხმარებით, როგორც მოსახლეობას, ასევე ვეხმარებით ქვეწარმავლებსაც იმიტომ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია არის ის, რომ ნებისმიერ ცხოველს დავუბრუნოთ პირვანდელი გარემო, სადაც ის ბინადრობს. ვარჩევთ სახეობების მიხედვით, თუ რომელი სად ბინადრობს და ვუშვებთ ბუნებრივ არეალში, ნაკრძალებისა თუ აღკვეთილების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ქალაქიდან და დასახლებული პუნქტებიდან ძალიან შორს,”- განაცხადა შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები