ძველი სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს – თბილისის მერი 

​თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ფუნქციონირებადი და ღია მმართველობის დანერგვა წარმოადგენს. ძველი სტერეოტიპები უნდა დაიმსხვრეს და ქალაქის მართვასა და განვითარებაში მოსახლეობა, საზოგადოება ჩაერთოს.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, დავამსხვრიოთ და ქალაქის მართვასა და განვითარებაში მოსახლეობა, საზოგადოება ჩავრთოთ. ასევე, მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი წვდომა და ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რის განხორციელებასაც დედაქალაქში ვგეგმავთ. ამ მიზნით, შევქმენით საინტერესო პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დღეს თბილისს ჰყავს მთავრობა, რომლისთვისაც ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმად ქცევა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, თუმცა მზად ვართ, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის მერმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და  საქართველოს დედაქალაქის დათვალიერება, ქართული ღვინისა და სამზარეულოს დაგემოვნება ურჩია.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი, რომელიც თბილისში 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სამიტის ფარგლებში, საქართველო „ღია მმართველობა-საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც ღია მმართველობისთვის საჯარო რესურსების უკეთ მართვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცებას, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები