“ძალიან მეშინია, ქართველების მხურვალე ტემპერამენტიდან გამომდინარე, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს” – უვე ბერკემერი

„ალბათ, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც მიძინებული ნაკვერჩხლის გაღვივებას და საქართველოს შემთხვევაშიც ასეა, სწორედ. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, ძვირფასო ქართველებო, ვინაიდან სულ პატარა მიზეზი და უმნიშვნელო შეცდომაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს სრულიად საქართველოსთვის, ხოლო დიდი ზეიმი ქვეყნის მტრებისთვის“ – ასე აფასებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძის მეუღლე უვე ბერკემერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

რესპონდენტი იმ მთავარ საფრთხეზე საუბრობს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ყველას სთხოვს, ჩამქრალ ნაკვერჩხალს ნუ გააღვივებენ.

„საქართველოში პირველი ვიზიტისას არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ეს ქვეყანაც და ქართველი ერიც შემიყვარდა, თავისი ყველანაირი ღირებულებებითა და კულტურით. რატომღაც, დღესაც მგონია, რომ წინა ცხოვრებაში უსიკვდილოდ ქართველი გახლდით. ასევე, მაქვს პატივი, ვიყო ამ ულამაზესი ქვეყნის მოქალაქე, რომლითაც მე უზომოდ ვამაყობ და ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო.

ვადევნებ რა თვალს თბილისში, პარლამენტის წინ მომხდარ და მიმდინარე პროცესებს, ძალიან მეშინია, რომ ქართველების მხურვალე ტემპერამენტიდან გამომდინარე, სამოქალაქო ომი არ დაიწყოს, რომელიც არა მარტო ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლასა და განვითარებას, არამედ ძლიერი დაცემა და უკუსვლა იქნება მისთვის – განუცხადა უვე ბერკემერმა „მედიაცენტრ მთავარს.“

როგორც ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი აცხადებს, მცირედი შეცდომაც კი, რომელიც შეიძლება იქნეს დაშვებული, დიდი ზეიმი იქნება მტრებისთვის.

„ალბათ, ყველას შეუძლია წარმოიდგინოს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თუნდაც მიძინებული ნაკვერჩხლის გაღვივებას და საქართველოს შემთხვევაშიც ასეა სწორედ. ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, ძვირფასო ქართველებო, ვინაიდან სულ პატარა მიზეზი და უმნიშვნელო შეცდომაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს სრულიად საქართველოსთვის, ხოლო დიდი ზეიმი ქვეყნის მტრებისთვის, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჩასაფრებულნი ელოდებიან მათთვის ხელსაყრელ მომენტს.

მე პირადად და მთელი ჩემი ოჯახი, სიხარულით უკვე წუთებს ვითვლით კარზე მომდგარი საზაფხულო არდადეგების გამო საქართველოში“, – განუცხადა უვე ბერკემერმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მსგავსი თემები