„ძალიან დიდი ხათაბალა მოგვიწევს, ბევრს დავკარგავთ რუსეთისგან“ – გოგი თოფაძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ბიზნესმენი გოგი თოფაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გართულებით, საქართველო ეკონომიკურად ძალიან ბევრს წააგებს. როგორც თოფაძემ გვითხრა, ტურისტების გარდა, სხვა არაერთი საკითხია, რის გამოც ნეგატივს მივიღებთ.

„ძალიან ბევრი ხათაბალა მოგვიწევს. ძალიან ძვირი დაგვიჯდება, გათვლა შეუძლებელია. იმედი მაქვს, ამ თემას რუსეთი დათმობს, თორემ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებით. რუსეთთან ასეთი დაძაბულობა დაგვღუპავს. ტურისტების გარდა, ექსპორტი სად მიდის ყველაზე მეტი? – რუსეთში, იქიდან კი ჩვენ ვღებულობთ იმპორტს შედარებით დაბალი ფასად. გაცილებით შეღავათიანია რუსული ბაზარი, ვინც ეს საქმე იცის,“ – აღნიშნა ბიზნესმენმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მისივე შეფასებით, პირდაპირი ფრენის აკრძალვაც სერიოზულად დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის: „ერთია, რომ  ექსპორტს საფრთხეები შეექმნება. რაც შეეხება ტურიზმს, იცით რამდენი პროცენტი იყო რუსეთიდან საქართველოში ტურისტი? თვითმფრინავები ყოველ დღე დაფრინავდნენ, რაც აწი არ მოხდება. ამიტომ, შემცირდება ტურისტული ნაკადი და ასევე, მოგვიწევს თურქეთიდან, ბელორუსიიდან ან სხვა შემოვლითი გზებით რუსეთთან ურთიერთობა. რაც დამაზარალებელი იქნება. ეკონომიკური კუთხით ძალინ ბევრია სალაპარაკო, ძალიან ძვირი დაგვიჯდება“.

როგორც გოგი თოფაძემ „მედიაცენტრ მთავართან საუბრისას აღნიშნა, მართალია, რუსეთზე ნაწყენები ვართ, თუმცა, აგრესია დაგვაზარალებს და დიალოგი უნდა ვარჩიოთ.    

მსგავსი თემები