ქუჩის ცხოველების გამრავლება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების დედაქალაქის ამა თუ უბნიდან მასობრივად გაყვანა, რასაც ხშირად ითხოვენ ცალკეული მოქალაქეები, დაუშვებელია, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა უარესი შედეგი დადგეს, კერძოდ, აცრილი ცხოველის ადგილი რამდენიმე უცხო, აუცრელმა ცხოველმა დაიკავოს.

​როგორც ვახტანგ ლომჯარიამ მედიანცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ცხოველს აინტერესებს საკვები და შესაბამისად გარკვეულ არეალს აკონტროლებს, რომ მის ტერიტორიაზე უცხო ცხოველი არ შევიდეს. ამ მიმართულებით ყველაზე კარგი გამოსავალია სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად გაკონტროლდეს ცხოველების გამრავლება. აღნიშნული კანონპროექტი უკვე შეტანილია პარლამენტში.

ვახტანგ ლომჯარიას აზრით, ცხოველის გამრავლება უნდა ხდებოდეს სპეციალური ნებართვებით. ცხოველის არჩევანი არ არის, რომ ისინი ქუჩაში იყვნენ, ცხოველს უნდა, რომ მათზე პატრონი ზრუნავდეს. კასტრაციისა და სტერილიზაციის შემდეგ მათ არ ექნებათ გამრავლების უნარი, შესაბამისად მათი უბნიდან გაყვანაც საჭირო არ იქნება.

“ერთი ცხოველი უბანში რამდენიმე კვადრატულ მეტრს აკონტროლებს და იმ ტერიტორიაზე მოსაპოვებელ საკვებს ითვისებს. როგორც კი სხვა ცხოველი ეცდება ამ ტერიტორიაზე შეღწევას, ცხოველი გამოხატავს აგრესიას და ეცდება დაიცვას თავისი ტერიტორია. თუ ამ ცხოველს გავიყვანთ ტერიტორიიდან, მაშინვე დაიკავებს მის ადგილს სხვა ცხოველი. ამიტომ ცხოველების უბნიდან გაყვანით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, თუ ჩვენ გვინდა გრძელვადიან პერიოდში ამ პრობლემის აღმოფხვრა, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ რეგიონებშიც დაიწყოს სტერილიზაცია – კასტრაციის პროგრამები და პოპულაციის მართვა. მოსახლეობას ზოგს ძალიან უყვარს ცხოველები, ზოგს აღიზიანებს, ნაწილიც იდენფერენტულად არის განწყობილი. ზოგი ფიქრობს, რომ უბნიდან ცხოველების გაყვანით პრობლემა მოგვარდება”, – აცხადებს ვახტანგ ლომჯარია.

იგი ცხოველების პატრონებს მოუწოდებს იზრუნონ საკუთარი ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაციაზე, რაც 60-დან 80 ლარამდე ღირს.

ვახტანგ ლომჯარიას თქმით, გარკვეული სანქციები უნდა დაწესდეს პატრონის მიერ ცხოველის მიტოვებაზე და მის ქუჩაში გაგდებასთან დაკავშირებით. “ცხოველის მიტოვება დასჯადია გერმანიაში და 25 000 ევროს ჯარიმას ითვალისწინებს, ჩვენთან ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის ნული”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები

One Thought to “ქუჩის ცხოველების გამრავლება მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს – ვახტანგ ლომჯარია”

  1. Hello, blame you in spite of facts! I repost in Facebook