„ცოტნე გამსახურდიას ეს ადამიანები, დანებით შეიარაღებულები ჩაუსაფრდნენ და 15 წუთი ელოდებოდნენ – ახალი დეტალები გამსახურდიას დაჭრის საქმეში (ექსკლუზივი)

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაირკვა. საქმის მასალებს გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი წუხელ გაეცნო და დეტალებზე „მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.

როგორც ამირან გიგუაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ განმარტავს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სუფრიდან გასული ადამიანები ცოტნე გამსახურდიას გარეთ ჩაუსაფრდნენ.

ამირან გიგუაშვილი: გავეცანი საქმის მასალებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებით, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, ყველა მოწმე ადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო გიორგი ქვათაძე ანუ, სოლოღაშვილი.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ და რა ვითარებაში გაგრძელდა სუფრასთან დაწყებული კონფლიქტი და რამდენი ადამიანი მონაწილეობდა?

ამირან გიგუაშვილი:  მოწმეები ადასტურებენ, რომ როცა ისინი წავიდნენ სუფრიდან, ანუ ის 3 უცხო ადამიანი, რომელიც სუფრაზე იყო (ჩხეტიანის ახლობლები) და თავად კახა ჩხეტიანი, ცოტნე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სუფრასთან დარჩა.  შესაბამისად, ეს პირები ჩაუსაფრდნენ ცოტნე გამსახურდიას. მათ წასვლა რომ სდომოდათ, 15-20 წუთი არ დაელოდებოდნენ და ამ დროის განმავლობაში წავიდოდნენ კიდეც.

მედიაცენტრი მთავარი:“ ისინი ცოტნეს გამოსვლას ელოდებოდნენ 15-20 წუთი?

ამირან გიგუაშვილი: დიახ, ისინი ცოტნეს დაელოდნენ დანებით შეიარაღებულები.  ჩაუსაფრდნენ და ასე სასტიკად გაუსწორდნენ. კონფლიქტი, რომელიც სუფრაზე წარმოიქმნა, არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი.

მედიაცენტრი მთავარი:“ კონფლიქტი ცოტნეს მიერ სუფრაზე მიტანილ ღვინოს ეხებოდა?

ამირან გიგუაშვილი: არა, ღვინო საერთოდ არაფერ შუაშია. არც ეთი მოწმე ამას არ ადასტურებს. ღვინოსთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა კონფლიქტი. კონფლიქტი მოხდა გიორგი ქვათაძესა და ცოტნე გამსახურდიას შორის. გიორგი ქვათაძეს ცოტნემ შესთავაზა გაცილება, რაც ამ უკანასკნელმა იუკადრისა. ამის შემდეგ, ქვათაძემ გამსახურდიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ შორის იყო ხმამაღალი საუბარი, რის შემდეგაც, კახა ჩხეტიანმა გაიყვანა გიორგი ქვათაძე, თორნიკე ქვათაძე და  ტატო ღარიბაშვილი. ისინი 15-20 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ  გამსახურდიას საკუთარი სახლის კართან და შემდეგ გაუსწორდნენ.

მედიაცენტრი მთავარი:“ როცა ჩხეტიანმა მისი 3 სტუმარი  სუფრიდან გარეთ რომ გაიყვანა, რომლებიც შემდეგ ცოტნეს გამოსვლას ელოდებოდნენ, თავად ჩხეტიანი სად იყო ამ დროს?   

ამირან გიგუაშვილი: კახა ჩხეტიანი მათთან ერთად იყო. მოწმეთა ნაწილის ჩვენებით, ისიც მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. თავად ჩხეტიანი ამბობს რომ ის გამშველებლის როლში იყო. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელიც ვერსიაა აქედან სწორი

მედიაცენტრი მთავარი:“ ჩხეტიანი და ცოტნე არინ მეზობლები, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ?

ამირან გიგუაშვილი: დიახ, არიან მეზობლები,  თუმცა, წარსულში ერთმანეთთან დაპირისპირება და კონფლიქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ  ცოტნე გამსახურდია მისივე სახლთან დაჭრეს. სუფრა, სადაც კონფლიქტი დაიწყო, მისივე სამეზობლოში იყო გაშლილი და მეზობელ კახა ჩხეტიანის გარდაცვლილი ძმის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. სს საქმეზე დაკავებულია როგორც კახა ჩხეტიანი, ისე მის მისი 3 ნათესავი, რომლებსაც ცოტნე გამსახურდია არ იცნობდა.      

მსგავსი თემები