ცენტრმა „აფხაზეთი“ ვარლამ ლიპარტელიანს პრიზი გადასცა

პარიზის „გრანდ-სლემის“ ოქროს პრიზიორი 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“, სპეციალური პრიზით „Fair Play Trophy” დააჯილდოვა.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ონისე წურწუმიამ საპატიო პრიზი ქართველ სპორტსმენს პარიზში, გამარჯვების შემდეგ გადასცა.

„ჩვენი ორგანიზაცია ქართველი ძიუდოისტების და ზოგადად, ძიუდოს დიდი გულშემატკივარია. მე ხშირად დავყვები ჩვენს ბიჭებს ტურნირებზე, როგორც აქტიური გულშემატკივრი. პარიზის „გრანდ-სლემისთვის“ დიდი ხნით ადრე მოვემზადე, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს ვერ გამოვაკლდებოდი“, – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ცენტრ „აფხაზეთის“ თანამშრომელმა ონისე წურწუმიამ.

„Fair Play Trophy” სპორტულ სამყაროში საკმაოდ საპატიო ჯილდო გახლავთ. პრიზი იმ სპორტსმენებს გადაეცემათ, რომლებიც თამაშის დროს სპორტული წესებისა და მოწინააღმდეგის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას ავლენენ.

„ყველამ ვიცით, რომ სპორტის ყველა სახეობის თამაშს თავისი წესები აქვს, თუმცა, ბევრი დაუწერელი წესიც არსებობს. სპორტსმენის მხრიდან ტატამზე, ფეხბურთის მოედანზე თუ სხვ. მოწინააღმდეგის მიმართ გამოჩენილი პატივისცემა და დაფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სპორტის სამყაროში „Fair Play Trophy”-ით სწორედ იმ სპორტსმენებს აჯილდოებენ, რომლებიც მოწინააღმდეგის მიმართ განსაკუთრებულ ქმედებას გამოავლენენ“, – დასძინა ონისე წურწუმიამ.

ვარლამ ლიპარტელიანისთვის გულშემატკივრების მხრიდან მიღებული პრიზი მოულოდნელი იყო. მან თავის მხრივ, ცენტრ „აფხაზეთს“ წარმატება და აფხაზეთში დაბრუნება უსურვა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „Fair Play Trophy” პრიზი ერთჯერადი არ ყოფილა და ქართველ სპორტსმენებს მას მომავალშიც გადასცემენ.

მსგავსი თემები