“ცარიელი ქვაბების” პროტესტი გარდაუვალია – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი, საგანგაშოს უწოდებს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას და არ გამორიცხავს, ხელისუფლების წინააღმდეგ “ცარიელი ქვაბების პროტესტი” დაიწყოს.  

როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, პირველი თებერვლიდან საზოგადოებას, მისი პარტიის მიერ შემუშავებული ღონისძიებების სქემას გააცნობს და ხელისუფლებას მის აღსრულებას შესთავაზებს, რომელიც ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად არის საჭირო. 

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა სამინისტროები საბიუჯეტო სახსრებს ვერ ითვისებენ, მინისტრები კი, ჭკვიანური ჰაბიტუსით მხოლოდ პროგრესზე საუბრობენ, რიგითი მოქალაქეების მაცივრები მასობრივად ცარიელია, არ ჩანს ეკონომიკური ზრდა. 

“12 წლის ბავშვი, ჯართის შესაგროვებლად მიდის და უბედური შემთხვევისას იღუპება. დალხენილი ოჯახის შვილი ჯართის შესაგროვებლად არ წავიდოდა. მშობლები სახლში მოუტანდნენ საკვებსაც და სამოსსაც. ეს საბრალო, პატარა ბიჭი თუ გრძნობდა პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, რატომ არ გრძნობს ხელისუფლება პასუხისმგებლობას მშიერი ხალხის წინაშე?! რა გახდა ამ მცირერიცხოვანი ერის გამოკვება, შემოსვა, დასაქმება?!

მრცხვენია, რომ 12 წლის პატარა ბიჭს უფრო მეტად ჰქონდა გააზრებული პასუხისმგებლობის, მოვალეობის განცდა ოჯახის წინაშე, ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ ვალდებულებას,- ხალხის მიმართ. ამდენ მინისტრს, მენეჯერს, დეპუტატს, ექსპერტს, ბიზნესმენს, ფეისბუქბლოგერს, ნუთუ, სიღარიბის დაძლევის სწრაფი, ეფექტიანი პროგრამის შექმნა და ამოქმედება არ შეუძლია?! ის, რაც 31 დეკემბერს პარლამენტის ეზოში ვნახე, მკარნახობს, რომ ეს ქვეყანა ცარიელი ქვაბების პროტესტს ვერ ასცდება”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

აღსანიშნავია, რომ “ცარიელი ქვაბების” პროტესტო 2017 წლის ოქტომბერში, კატალონიაში გაიმართა. მოქალაქეები გამოდიოდნენ ქუჩაში და კოვზით ურტყამდნენ ქვაბის ან ტაფის ძირს. ისინი ამგვარად, კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით ესპანეთის პრემიერ მარიანო რახოიას პოლიტიკას აპროტესტებდნენ. 

მსგავსი თემები