ჩუმლაყში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გუშინ მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკის ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის განცხადებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ერთი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, მას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა გულმკერდის არე, ასევე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის მიდამოში. პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“, – განაცხადა გელა ორველაშვილმა.

შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფლის ცენტრში მოხდა. მამაკაცებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები