ჩინეთში ნამყოფმა ადამიანებმა, სიმპტომების შემთხვევაში, ინფექციურ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ

„ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, „გამოიყო, ძირითადად, რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დაგეგმილია საინფორმაციო ღონისძიებები, რომელიც დღეიდან დაიწყება, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე.

„წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, ხანგრძლივვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მსჯელობა მიმდინარეობს და მოლაპარაკების შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

„გუშინ გაიმართა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრა, რომელმაც ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ინფორმაცია ასეთი, რომ გამოცხადდეს როგორც მაღალი საგანგებო საერთაშორისო მდგომარეობა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ დღეს აგრძელებენ დისკუსიას. დღის ბოლოს ან გვიან იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები