„ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე და არა დიალოგზე” – სალომე ზურაბიშვილი

„ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე და არა დიალოგზე. ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იმისათვის, რომ ოკუპაციას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს, საჭიროა მოქმედება და დიპლომატია.„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ყველა ამ მიმართულებით ისე, რომ ერთხელაც არ გადაგვიხვევია კურსიდან, არასოდეს დაგვითვლია, თუ რა ფასად გვიჯდება ეს ძალისხმევა და მუდამ ნათლად ვიცოდით, თუ რა მომავლისკენ, რა ბედისკენ მივილტვით. გარკვეულწილად, ეს ჩვენი მშვიდობიანი გამარჯვებაა ომსა და ოკუპაციაზე, ტრაგედიასა და ნგრევაზე, მაგრამ როდესაც მშვიდობის მიზანსა და კონფლიქტისა თუ ოკუპაციის დასრულებაზეა საუბარი, საჭიროა ვიმოქმედოთ. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და დიპლომატია. საჭიროა ცვლილებების განხორციელება და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საჭიროა ნებისმიერი ფორუმისა და დიალოგის გამოყენება, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ დისკუსიებში.

„პირველ რიგში, საჭიროა არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები