„ჩვენ დავუმტკიცეთ ადგილობრივ მთავრობას, რომ შეუძლებელი არაფერია“ – როგორ გადარჩა რაგბი აჭარაში

ინტერვიუ „მთავართან“

„რომ არა გამართლება, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარებდნენ, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანები გვყავდა. ხმამაღლა ვიტყვი, რომ მათ არ აინტერესებდათ რაგბის აღმასვლა და  ორიენტირებულები მხოლოდ ფინანსურ მხარეზე იყვნენ. აჭარა ერთადერთი რეგიონი იყო, სადაც რაგბი  მოგვიანებით განვითარდა და სადაც სარაგბო სკოლები არასდროს არსებობდა. არ იყო შესაბამისი განათლება. ჩვენ დავუმტკიცეთ ადგილობრივ მთავრობას, რომ შეუძლებელი არაფერია და აჭარის რაგბის ისტორიაში, რეკორდული შედეგი ვაჩვენეთ“, – ეს სიტყვები  სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დირექტორს – ზვიად უნგიაძეს ეკუთვნის.

როგორ შეიქმნა რაგბი აჭარაში, რა პრობლემები გაიარეს რაგბისტებმა, რატომ მტრობდნენ და რატომ არ სურდათ მისი განვითარება – ამ და სხვა საკითხებზე „მთავართან“  სარაგბო კლუბ „ბათუმის“ დირექტორი ზვიად უნგიაძე საუბრობს.

რესპონდეტმა 2005 წელს, ოზურგეთის ისტორიაში პირველად,  ქალაქ ოზურგეთში პირველი ბავშვთა სექცია ჩამოაყალიბა. 2009 წელს კი ერთ-ერთ ადგილობრივ ოზურგეთელ მორაგბესთან,  მამუკა ჯანაშიასთან ერთად  კლუბი „არწივები“ დააფუძნა. სარაგბო კლუბი „ბათუმი“ კი  2011 წელს გაჩნდა. ამავე წელს, ოზურგეთის ისტორიაში პირველად გაჩნდა ქალთა გუნდიც, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებულია.

მანამდე კი კლუბი „არწივები“ იყო, რომლის აღზრდილები  რუსეთის, საფრანგეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მოწინავე კლუბებში თამაშობდნენ.

დღეს, ყოფილი ბათუმელი ვეტერანი მორაგბეები, დაახლოებით 10 ადამიანის  შემადგენლობით,  სარაგბო კლუბ „არწივებში“ ირიცხება, რაც იმის დასტურია,  რომ „არწივები“ „ბათუმის“ შვილობილი კლუბია.

„მთავარი“:  თქვენ კლუბს 2012 წელს შეუერთდით. ეს ის პერიოდი, როცა სპორტი, განსაკუთრებით რაგბი, „დალხენილ მდგომარეობაში“ არ იყო. რა პირობები დაგხვდათ და რა მიიღეთ შედეგად?

ზვიად უნგიაძე: გეთანხმებით, რომ იმ პერიოდში გუნდში სავალალო მდგომარეობა იყო.  გუნდი არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან იმართებოდა, რაც გუნდის უმაღლესი ლიგის გარეთ დარჩენის მიმართ ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულებას  იწვევდა.

კლუბში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. იმჟამინდელ გუნდის ხელმძღვანელობას გვერდით დგომაც შევთავაზე, თუმცა, უარი მივიღე, რის შემდეგაც, გუნდის გადასარჩენად დამოუკიდებელი ბრძოლა დავიწყე, რომ გუნდი უმაღლესი ლიგიდან არ გავარდნილიყო.

ფაქტიურად,  არანაირი ადამიანური პირობები არ არსებობდა. არ იყო დუში,  გასახდელი, ინფრასტრუქტურა და ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. აღვადგინეთ გასახდელები, დუში და  მოთამაშეებთან კონსულტაციები, მათი ფსიქოლოგიური მომზადება, რომ  შეგუებულიყვნენ,  რომ  კლუბი იყო განწირული, სიტუაცია  უმართავი და ფაქტიურად არაფერი მოქმედებდა.  არაერთხელ დავიხმარეთ ბათუმელი ბიზნესმენები და რამდენიმე სასტუმროში  მინი – შეკრებებიც გავიარეთ.  იმ პერიოდში ჩვენ 1 გამარჯვება და 1 ფრეც გვყოფნიდა, რომ დიდ  შემადგენლობაში დავრჩენილიყავით.

„მთავარი:“ მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერმა ჩაიარა, ახალი მითითებები რაგბის ფედერაციიდან მიიღეთ. რატომ ითხოვდნენ, რომ თქვენი უმაღლეს ლიგაში დარჩენა საჭირო არ იყო?

ზ.უ.  ბევრი შრომის შედეგად, არსებული  ბარიერების გადალახვა მოვახერხეთ და  ფაქტიურად გუნდი  უმაღლეს ლიგაში დარჩა. გუნდში სერიოზული რეორგანიზაცია  ჩატარდა და სასწრაფო წესით  რეფორმების გატარება დავიწყეთ. დიდი პაუზის შემდეგ, წლის ბოლოს,  აჭარის ბავშვთა რაგბის ფესტივალიც ჩატარდა, სადაც ჯამში 500 მდე მოზარდი მონაწილეობდა.

ჩვენი მიზანი იყო, ყურადღება საბავშვო წრეებისთვის მიგვექცია,  რადგან ფაქტიურად კლუბი ლეგიონერებზე იყო აწყობილი. თბილისის რაგბის  კავშირიდანაც იყო მითითებები, რომ  საჭირო არ იყო  ჩვენი უმაღლეს ლიგაში დარჩენა და ყველაფერი პირველი  ლიგიდან დაგვეწყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, რაგბის კავშირიდან  სახელმწიფო რესურსს – 400 ათას ლარს დავკარგავდით.

დღეს კლუბში 16 ლეგიონერია.  ჩვენ მოვახერხეთ კლუბის 13 ლეგიონერით შემცირება და სადღაც 4-5 წელიწადში შესაძლებელია არცერთი ლეგიონერი არ ჰყავდეს ბათუმს.

„მთავარი:“ დღეს სად და რა პირობებში ვარჯიშობთ?

ზ.უ. 2016 წელს, „ქართუ ფონდიდან“ და ბათუმის მერიის ერთობლივი პროექტით „ბათუმის რაგბი არენა“ გადმოგვეცა,  სადაც  ორი სათადარიგო მოედანია. არის ხელოვნური და ბუნებრივი საფარი.  მოგეხსენებათ რომ ეროვნულ ჩემპიონატში ძალიან მკაცრი სანქციებია და ფაქტიურად ბუნებრივ საფარიანი მოედანი არის ძირითადად საშეჯიბრო დანიშნულების, თითქმის 600 მდე სპორტსმენი ვარჯიშობს ხელოვნურ საფარიან მოედანზე.

როცა აჭარაში კარგი მოედნები საერთოდ არ იყო, ახლა ევროსტანდარტების უზარმაზარი ბაზა გვაქვს, თანამედროვე აღჭურვილობით. ეს კი თავისთავად ხელშემწყობი იყო, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მე-3-ე ადგილი მოვიპოვეთ. 2017 წელს ფინალი  ვითამაშეთ 2017 ვიცე-ჩემპიონები გავხდით.  2018 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად,  კონტინენტის ფარის ისტორიაში, სარაგბო კლუბ „ბათუმს“ წილად ხვდა მონაწილეობის მიღება და საკმაოდ წარმატებული ასპარეზობაც ვაჩვენეთ. კლუბებზე, რომელსაც აღნიშნულ ტურნირზე ჩვენ ვმასპინძლობდით,  მაღალი უპირატესობით გავიმარჯვეთ.

„მთავარი:“ როგორია კლუბის გეგმები?

ზ.უ: 2018-2019 წლის ეროვნულ ჩემპიონატს, განახლებული ძალებით ვხვდებით.  გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი, გეგმები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ჩემპიონატში უპირობო ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ.

დღევანდელ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, 7 ბათუმელი მორაგბე ირიცხება, ასევე 20 წლამდელთა ნაკრებში, წელს ირიცხებოდა გიორგი მენაბდე და დურმიშხან ჯაბნიძე, 2018 წელს, ევროპის პირველობაზე ლადო მიმინოშვილმა გვასახელა.

დღეს შემიძლია თამამად გითხრათ, რომ რაგბის ისტორიაში რეკორდული შედეგი ვაჩვენეთ.  სულ რაღაც 1 წლის მანძილზე 300 ბავშვი გვყავდა, დღეს კი 540 ბავშვი გვერიცხება.  იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რამოდენიმე სტადიონის მოწესრიგებას შევძლებთ, ვგეგმავთ, რომ 2020 წლამდე 200- მდე  ბავშვი დავიმატოთ.

სარაგბო სექციებში რაც უფრო მეტი მოზარდი ირიცხება, სელექციაც  დიდია  და  ადვილია ასაკობრივ ჯგუფებში ადგილობრივი ნაკრებები  ჩამოყალიბდეს.  კიდევ გვაქვს 6 წლიანი პროგრამა, ფაქტიურად იმ დროში ჩვენ მოვახერხებთ, რამოდენიმე ათეული საუკეთესო მორაგბის გაზრდას და ხმამაღლა ვიტყვით, რომ ამ მოზარდთა კვალიფიკაცია დააკმაყოფილებს სხვადასხვა სანაკრებო გუნდებს.

რომ არა გამართლება, კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარებდნენ, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი ჩასაფრებული ადამიანები გვყავდა. ხმამაღლა ვიტყვი, რომ მათ არ აინტერესებდათ რაგბის აღმასვლა და  ორიენტირებულები მხოლოდ ფინანსურ მხარეზე იყვნენ.

ჩვენ ადგილობრივ მთავრობას დავუმტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია და დღეს, მით უმეტეს მწვრთნელთა სიმცირის გამო, მაინც 27 მწვრთნელი ირიცხება კლუბში, ყველა აკრედიტირებული და  ყველას მინიჭებული აქვს კატეგორია.  2019 წლისთვის ვგეგმავთ საფრანგეთის და ევროპული გრანდ კლუბების ხელმძღვანელობასთან მემორანდუმის გაფორმებას, სადაც ჩვენი მწვრთნელები კვალიფიკაციის ამაღლების ნიშნით გადამზადებას გაივლიან.

ასევე ვგეგმავთ ვგეგმავთ ასპარეზობას ევრო და საერთაშორისო ტურნირებზე. ეს ძალიან დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა მადლობა ღმერთს, აჭარაში ბევრი ქველმოქმედი და წარმატებული ბიზნესმენია, რომლებიც ფაქტიურად დავაინტერესეთ და მათი აქტიური ჩართულობა უკვე დიდია ჩვენს ცხოვრებაში.

მათი და მთავრობის დახმარებით არავის ემახსოვრება რომ რაგბი 90- იან წლებში დაარსდა და შეიქმნება განცდა, რომ სარაგბო კლუბ „ბათუმი“ გაცილებით დიდი და კვალიფიციური ისტორიით სარგებლობს.

დღეს, ამაყი ვარ, რომ ჩემმა გეგმამ, გაამართლა.

 

მსგავსი თემები