გვჭირდება რწმენა, რომ მომავალი ახალგაზრდების ხელშია – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებსა და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს განათლების რეფორმის დეტალები გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.

პრემიერმა განათლების პრიორიტეტულობის ბიუჯეტში ასახვის აუცილებლობასა და 21-ე საუკუნეში ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზრდილი დაფინანსება 5 მიმართულებით ნაწილდება – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მეცნიერება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს მძლავრი ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც ქვეყანას ყველა გამოწვევის დაძლევის საშუალებას მისცემს.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების აუცილებლობას, რაც ყველა ხელისუფლებას დაავალდებულებს, ბიუჯეტის მინიმუმ მეოთხედი მიმართოს განათლებაზე, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

“ჩვენ გასულ წელს ვიზეიმეთ პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. ერთ-ერთი პირველი კანონი, რაც პირველმა რესპუბლიკამ მიიღო, განათლებას ეხებოდა.

მათ შეძლეს და ორი წლის განმავლობაში 1200 ახალი სკოლა გახსნეს საქართველოში. ჩვენს დიდ წინაპრებსაც საქართველოს წარმატებისა და ნამდვილ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბების ერთადერთ სწორ გზად სწორედ განათლება მიაჩნდათ.

ვფიქრობ, ეს ყველაზე ნათელი პასუხია. შესაბამისად, ეს არის სწორედ ეროვნული იდეა, რომელიც დაგვაძლევინებს ყველა გამოწვევას. განათლებაში არის ხსნა და განათლებაში არის თავისუფლება, თავისუფლება ოკუპაციისგან და თავისუფლება სიღარიბისგან.

ჩვენ ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც გვაქვს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, სადაც ჩვენ მე-6 ადგილზე ვართ. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული წარმატება იქნება ის, რომ ჩვენ ადამიანური კაპიტალის ინდექსში ვიყოთ ლიდერები. მწამს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და ეროვნული ინტერესების ერთგულება.

ჩვენ გვჭირდება რწმენა იმისა, რომ მომავალი არის თქვენს ხელში, ახალგაზრდების ხელში. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი ამოცანაა, საქართველოში ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მის ხელშია”, – მიმართა ახალგაზრდებს პრემიერმა.

შეხვედრა, რომელსაც 150-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი თემები