„ჩვენს თანამშრომელს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, ელექტრო შოკიც“ – ბრაკონიერობის შედეგები

ბრაკონიერობა ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევაა. ბრაკონიერების მსხვერპლნი არა მხოლოდ ცხოველები, არამედ ადამიანებიც ხდებიან, რომელებიც მათ ფაქტზე იჭერენ. როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბრაკონიერების მხრიდან ზედამხედველებზე თავდასხმის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.

 „არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა ბრაკონიერების მხრიდან, ჩვენს თანამშრომლებზე თავდასხმა განხორციელდა.  2018 წლიდან დღემდე, სულ ასეთი  13  შემთხვევაა დაფიქსირებული.  ჩვენს თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. ეს ეხებოდა როგორც უკანონოდ თევზჭერას, ისე  ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ნადირობას“ – განუცხადა  ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლი თანამშრომლებსაც გაუხსნიათ. შესაბამისად, მათ აღჭურვილობაში ცეცხლსასროლი იარაღიც შედის და ელექტრო შოკიც.

„კანონით დადგენილია ნუსხა, ჩვენს დეპარტამენტს რა იარაღის  გამოყენების უფლება აქვს. მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღი, ხელკეტი, ელექტროშოკი, ზღარბი, ხელბორკილი. ცეცხლსასროლი იარაღი თანამშრომელთა ნაწილს გააჩნია. ამჟამად, მივიღეთ კიდევ 100 ერთეული იარაღი და თანამშრომლები სრულად უნდა აღვჭურვოთ ცეცხლსასროლი იარაღით. რადგანაც ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროებაც არსებობს“ – განუცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა ბრაკონიერები ზედამხედველობის თანამშრომლებს თავს დაესხნენ, რამდენიმე თვის წინ მოხდა და ის უკანონო თევზჭერას ეხებოდა.

რაც შეეხება ბრაკონიერობის კუთხით არსებულ გამოწვევებს, ეს არის  უკანონოდ ტყით სარგებლობა – ხე-ტყის უკანონო ჭრა;  უკანონო ნადირობა და თევზჭერა.

რაც შეეხება ცხოველებს, ირაკლი მუკნიაშვილის ინფორმაციით, ბრაკონიერები ნადირობენ კურდღელზე, შველზე, არჩვისა და დათვზე, რაც კანონით აკრძალულია.

მსგავსი თემები