“ჩვენი ხალხი არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება” – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება”, – წერს “თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს.

„მეგობრებო, თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია, დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით.

ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა. ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები. ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება. იმის გათვალისწინებით თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას პირველ რიგში ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ, რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება. ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს და ათეული წლების განმავლობაში მილიარდზე მეტ თანხას რიცხავენ საქართველოში ყოველწლიურად.

ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს, რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს? ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის? ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება? სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ?

ასე ვერ განვვითარდებით! ასე ვერ ავაშენებთ ახალ და ძლიერ საქართველოს! დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ; გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუკაზე!

ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა! მხოლოდ თავისუფალი, ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!!!

სექტემბრიდან! ახალი მოძრაობა!ღირსეული საქართველოსთვის,“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი თემები

One Thought to ““ჩვენი ხალხი არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება” – მამუკა ხაზარაძე”

  1. tengo

    და შენ ლომის წვლილი მიგიძღვის იმ ყველაფერში,რაც ქართველ ხალხს ჭირს.