„ჩვენი მოთხოვნაა, ქალბატონის დაუყოვნებლივ გათავისუფლება” – ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველზე

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ქალი დააკავეს. საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„ჩვენი მოთხოვნაა, ქალბატონის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ყოველთვის  ძალიან მძიმეა ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვი მზარდია. ოკუპირებული ტერიტორიებიდან შვიდჯერ და რვაჯერ მეტ ადამიანს აკავებენ. ამ შემთხვევაში, საუბარია ქალბატონზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას და რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესშია, მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან. დღესაც, ახლაც ველოდებით დამატებით ინფორმაციას ცხელი ხაზის მეშვეობით და გვექნება შემდეგ შესაძლებლობა, უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოგახსენოთ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედებს.

„პირველი რეაქცია არის ოპერატიული – ცხელი ხაზის ამოქმედება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეტყობინების გაგზავნა და შესაბამისად, ყველა იმ პარტნიორისთვის, რომელიც ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებებში. იმედი მაქვს, ეს საკითხი მალე გადაწყდება და არ დასჭირდება კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, თუმცაღა, თითოეული ეს შემთხვევა და საერთო ჯამში, ის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც საუბედუროდ წლებია, გრძელდება, აუცილებლად მოხვდება და არის კიდეც საერთაშორისო დღის წესრიგში“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ გატაცების ფაქტები უნდა დასრულდეს.

„არ შეიძლება, არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არც ერთ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება, როდესაც ხალხს საკუთარ ტერიტორიაზე აკავებენ, მიჰყავთ ციხეში და შემდეგ გამოსასყიდის საფასურად ათავისუფლებენ. ეს არის ძალიან მახინჯი, ძალიან სამარცხვინო პრაქტიკა, რომელიც ადამიანებს აზარალებს, არავის ინდობს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს, არც ქალებს და იმედი მაქვს, ეს კონკრეტული ინციდენტი ძალიან მალ ამოიწურება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი თემები