ჩვენი გუნდი თეას გარეშე, ნამდვილად ვერ წარმომიდგენია – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მისთვის წარმოუდგენელია მმართველი გუნდი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გარეშე და გუნდის წარმატებაში მის მიერ შეტანილ წვლილზე საუბრობს.

“თეა წულუკიანი არის ღირსეული ადამიანი და ყველა რეფორმაში მისი წვლილი ძალიან დიდია. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი გუნდი თეას გარეშე? მე ნამდვილად არ წარმომიდგენია. თეა წულუკიანი არის ძალიან ღირსეული ადამიანი, მისი შენატანი ყველა რეფორმაში, რომელიც განვახორციელეთ და რომელმაც მოგვცა საშუალება, გვქონოდა პროგრესი, რაც ჩვენ გვაქვს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, მისი წვლილი არის ძალიან დიდი და ამას გეუბნებით გულწრფელად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, არსებობდა საკითხი, რომელზეც იყო აზრთა სხვადასხვაობა და მსჯელობა, თუმცა პოზიციების შეჯერება მოხერხდა.

მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებს შორის ყველა ინიციატივის გარშემო იმართება ცხარე დისკუსია და კამათი.

“გავითვალისწინეთ საუკეთესო პრაქტიკა და გადაწყვეტილება მივიღეთ. თქვენ თუ გაქვთ ილუზია, რომ ჩვენ ისე ვიხილავთ ინიციატივებს, რომ მის გარშემო არ იმართება დისკუსია, მინდა, დაგარწმუნოთ, ეს ასე არ არის. ძალიან ცხარე დისკუსიების შედეგია, რითაც ჩვენ წარვდგებით ხოლმე საზოგადოების წინაშე, ეს არის ნორმალური და ეს არის ის მართვის პრინციპი, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი თემები