„ჩემს კარიერას ვდებ სასწორზე, გარიგებაში არ ვმონაწილეობდი“ – ანზორ ჩუბინიძე

„სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთი დალაგების მექანიზმებთან“ – ეს განცხადება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში გააკეთა.

ჩუბინიძე ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს და საქმეში მონაწილეობას გამორიცხავს. ამბობს, რომ „იბერია“ მხოლოდ ბავშვობაში გაუგია და ამ ტელევიზიის არსებობის შესახებ არც კი იცოდა.

„იბერია“ ბავშვობაში მახსოვს და ახლა გავიგონე, რომ ასეთი ტელეკომპანია არის, ბოდიშს ვიხდი… სამარცხვინოც კი არის, რომ ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო. არანაირი კავშირი არ მქონია და არ მექნება ასეთ დალაგების მექანიზმებთან. როცა საკითხი პროკურატურაში გაირკვევა, ჩემთან დაკავშირებით კითხვები მოიხსნება. არც სიგარეტის მომხმარებელი ვარ და არც „ომეგასთან“ დაკავშირებით არასოდეს არაფერი მსმენია. არც ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს ვიცნობ. მთელ ჩემს სამსახურეობრივ კარიერას ვდებ სასწორზე და ვამბობ, რომ არანაირ მსგავს გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ესაუბრება, რომ გამოყოს სამ მილიონ ნახევარი ლარი, საიდანაც ერთ მილიონს ბიუჯეტში გადაიხდის, ორნახევარს კი შუამავლებს მისცემს. ანზორ ჩუბინიძეა სწორედ ის ადამიანი, ვინც ყიფიანის თქმით, ახალ პრემიერთან „ომეგა ჯგუფის“ პრობლემები უნდა მოაგვაროს.

 

მსგავსი თემები