“ჩემი შვილები და შვილიშვილები აცრილები არიან” – პაატა იმნაძე გეგმიურ აცრებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ​პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულ კალენდარში არსებული ყველა ვაქცინა უფასოა, რომლის შეძენა რეალურად ძვირი უჯდება სახელმწიფოს. ის ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი ფენებისთვისაც. ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში და ყველა მათგანს აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია. მათი უმრავლესობა გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში.

​როგორცმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, აცრების სავალდებულობა, რაც ამჟამად პარლამენტში განიხილება, არ ნიშნავს მშობლების მიმართ გარკვეული სანქციების დაწესებას. იცვლება ჩანაწერი, კერძოდ, “რუტინულ, გეგმიურ ვაქცინაციას” დაემატება სიტყვა “სავალდებულო”. სხვა საკითხებზე დღეისთვის მსჯელობა არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამის აუცილებლობა განპირობებულია ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პრაქტიკით. კერძოდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ბევრი მშობელი ექიმთან კონსულტაციის შემდგომ გამოთქვამს აზრს, რომ გეგმიური აცრა სავალდებულო რომ იყოს, ამის ჩანაწერი კანონში იქნებოდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დაიწყო მუშაობა, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდეს.

” საფრანგეთისგან განსხვავებით, სადაც ფულადი ჯარიმებიც კი არის დაწესებული და აუცრელი ბავშვების სასწავლო დაწესებულებებში მიღებაზე არის პრობლემები, იგივე იტალიასა და აშშ-ში, საქართველოში ასეთი სანქციები არ გვაქვს და მათ დაწესებაზე საუბარი არ არის. აცრების გარკვეული ნაწილი სავალდებულო დღესაც არის პროფესიული ნიშნით. მაგალითად, ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ლაბორატორიებში მუშაობენ, ისეთი ვაქცინებით არიან აცრილები, რომ მოსახლეობას ის საერთოდ არც გაუგია. ეს არის პროფესიული დაცვა, როდესაც მუშაობ, რაიმე მიკრობთან, იმ მიკრობის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს დაცული. გარდა ამისა, ​ჩემი შვილები და შვილიშვილები ყველანი აცრილები არიან და ამის გადამოწმება ადვილად შეიძლება პოლიკლინიკებში”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

​მისივე განმარტებით, აცრების აბსოლუტური უმრავლესობა არის არა მარტო ინდივიდუალური, არამედ საზოგადოების დაცვისთვის. საზოგადოებაში აბსოლუტური უმრავლესობა აცრილი თუ იქნება, დაავადება აღარ გავრცელდება. აქედან გამომდინარე დაცული იქნება ის ბავშვებიც, ვისი აცრაც, ამა თუ იმ მიზეზით არ შეიძლება.

“ასეთი ბავშვები მართალია 1 %-ზე ნაკლებია, მაგრამ არსებობენ. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი პრეცედენტი. მიმდინარე წელს 16 წლის ბავშვი დაიღუპა წითელას ვირუსით იმის გამო, მისი აცრა არ შეიძლებოდა, მაგრამ მას დაემართა წითელა, რომელიც გადაედო სხვა აუცრელი ბავშისგან“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე ​​ინფორმაციით, საქართველოში ყოველწიურად 600 – 700 ათასი აცრა კეთდება. დღეში რამდენიმე ათასი. საქართველოში გამოყენებული ვაქცინების უმრავლესობა არის ერთ ან ორდოზიანი დაფასოების. 1996 წლიდან, საქართველოს იმუნიზაციის პროგრამაში მხოლოდ ავტოდესტრუქციული  შპრიცები გამოიყენება, რომლის მეორედ ხმარება შეუძლებელია, რადგან ისინი ფუჭდება.

​აცრის შემდგომ თუ რაღაც განვითარდა, ეს არ ნიშნავს, რომ აცრის ბრალია. ასეთი თითოეული შემთხვევის აღრიცხვა მიმდინარეობს, აცრის შემდგომი არასასურველი მოვლენები ქვეყანაში არის წლის განმავლობაში ერთი ან ორი. არც ერთი მათგანი მძიმე შედეგით არ დასრულებულა. ჩვენ გვაქვს აცრის შემდგომი გვერდითი მოვლენების ზედამხედველობის საკმაოდ კარგი სისტემა. ამ საკითხებზე, რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო ორგანიზაციის კიდევ ერთი სემინარი ჩატარდა ქართველი ექიმებისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ “მთავარში“.

მსგავსი თემები