ჩემი კანდიდატურა მედიამ წამოსწია და “ქართული ოცნება” დაინტერესდა – ლადო კახაძე

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მისი დაბრუნება მედიის დამსახურებაა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მას შემდეგ დაინტერესდა მისი კანდიდატურით, რაც ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

კახაძე მის პოლიტიკურ აქტივობას ჟურნალისტებს უმადლის და აცხადებს, რომ ქედს იხრის მათი პროფესიონალიზმისა და მოუსვენრობის წინაშე. 

“მადლობას გიხდით ფხიზელი თვალისთვის და იმისთვის, რომ გარკვეული მოვლენების შეფასების საშუალება მომეცით, იქნებოდა ეს ადგილობრივი თუ ზოგადი პრობლემები – რელიგია, პოლიტიკა თუ სხვა. ამან გააჩინა სურვილი, რომ ჩემი წარსულის, ასაკისა და შეხედულებების კაცი, პოლიტიკაში მოსულიყო. სხვადასხვა გადაცემებში ჩემი გამონათქვამებისა და მოსაზრებების გამო, უამრავი ზარი და გამოხმაურება მივიღე”, – აცხადებს კახაძე.  

ვლადიმერ კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მოუწოდა, თამამად ამოქექონ მისი პირადი ცხოვრება და თუ სადმე ხარვეზს ან პოლიტიკურ შეცდომას აღმოაჩენენ, კრიტიკა არ დაიშურონ. “ამითი მეც მოვიგებ და თქვენც არ დამარცხდებით”, – განაცხადა კახაძემ.

​როგორც დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას გადაწყვეტილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის კომენტარი აღარ მიეცა, მაგრამ გუშინდელის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და მიხვდა, რომ მის მოსაზრებებს ჯერ კიდევ აქვს წონა საზოგადოებაში და “ასაკის მიუხედავად ახალგაზრდებთან კავშირი არ გაუწყვეტია”.   

“ერთხელ ვიფიქრე, რომ არასდროს, აღარ გავაკეთებდი კომენტარს, მაგრამ გუშინდელის შემდეგ, როდესაც ვნახე, რომ ჩემი კომენტარი ტრანსფორმაციის გარეშე, ზუსტად ისე გავიდა, როგორც მე ვთქვი, გადავწყვიტე, რომ ყველას დაგელაპარეკებით და კომენტარსაც მოგცემთ. მე გაგცემთ ყველას პასუხს ყველა საკითხზე. ამოქექეთ ჩემი პირადი ცხოვრება. ამ დავალებას მოგცემდით, იქნებ ჩემს ცხოვრებაში არის ისეთი ადგილები, რომლებიც სამკურნალოა და უკან დაბრუნება მჭირდება. გამატარეთ ნეგატივში. სიამოვნებით წამოგყვებით. ამითი მეც მოვიგებ და თქვენც არ დამარცხდებით. ეს ყველაფერი იქნება მისაღები ფორმა. მზად ვარ ნებისმიერ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პაციენტთან მექნება შეხვედრა. ამ დროს ვერ დავთმობ. სხვა შემთხევაში ყოველთვის დამიძახეთ, სადაც გინდათ იქ მოვალ და რაც გინდათ ის მკითხეთ. მე ჩემს პასუხში ჩემს დაავადებას აუცილებლად გამოვავლენ, თუ რა თქმა უნდა, ასეთი არსებობს”, – აცხადებს ვლადიმერ კახაძე.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს თავისი სუსტი წერტილები, მისი სუსტი წერტილი კი სიყვარულია, რასაც არაფერზე ცვლის. 

აღსანიშნავია, რომ ლადო კახაძის კანდიდატურა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ორტურიანი კენჭისყრის შემდეგ ის ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. 

​შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. ლადო ჯახაძის კონკურენტებს შორის არიან, 4 მოწვევის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, ომბუდსმენის ყოფილი მოადგილე სოფიო ხორგუანი.  

მოამზადა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები