“ჩემზე უკეთესად იცით, ბაზარზე საქართველოს პოზიციონირება, როგორც ტურისტული ლოკაციის, რას ნიშნავს” – გიორგი გახარია

საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი უნდა პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის ისტორიული კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში, ტურიზმის ეფექტიანი გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს უკვე საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის ისტორიული კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველა მარკეტინგული პროგრამას, რომლებიც საქართველოს წარმოაჩენდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ლოკაციას, ახლა უნდა დაემატოს უსაფრთხოების განზომილება პირველ რიგში ვირუსისგან. ჩემზე უკეთესად იცით, ბაზარზე საქართველოს პოზიციონირება, როგორც ტურისტული ლოკაციის, რას ნიშნავს, კი არ უნდა დავაზიანოთ, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ. ყველაფერს, რაც გვქონდა გაკეთებული, რაშიც გვქონდა ამდენი დრო, რესურსი, ფინანსური ძალა და ყველაფერი ჩადებული, ახლა უნდა დავუმატოთ ერთი დამატებითი არგუმენტი, რომ ყველაფერთან ერთად, იმით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, არის არგონავტების სამშობლო, რომ მედეა ამ სანაპიროდან, აქედან წაიყვანეს, ემატება ის, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ეფექტიანად უმკლავდება პანდემიას და არის ვირუსის თვალსაზრისით უსაფრთხო“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს და ამის მისაღწევად ეკონომიკის გახსნის პროცესში უკიდურესი სიფრთხილეა საჭირო.

„ამას რომ მივაღწიოთ, მხოლოდ დეკლარირება საკმარისი არ არის, დეკლარირებასთან ერთად, გახსნის პროცესში უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილი, არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან ჩვენი გახსნის სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის უკან გადახვევის შესაძლებლობა, ყოველთვის უნდა შეგვეძლოს, როგორც კი დავინახავთ რომ რაღაც პრობლემა იქმნება, გადავახვიოთ უკან. ეს არის და ეს“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული კრიზისი საქართველოს ეკონომიკისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ კრიზისიდან ქართული ეკონომიკა უნდა გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული, შეიძლება, აქ ზრდის და გარღვევის ისეთი მიმართულებები, წერტილები ან სექტორები აღმოვაჩინოთ, რომლებზეც ადრე საერთოდ არ გვიფიქრია და ვერც წარმოვიდგენდით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ტურიზმის გახსნის სტრატეგიამ, ტაქტიკამ და ეფექტიანობამ სულ მალე, დაახლოებით აგვისტოსთვის საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას უნდა დაუმატოს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, რომელიც პანდემიას უმკლავდება ეფექტურად, რაც პირველ რიგში თქვენი ინტერესია, რადგან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, გეყოლებათ მეტი სტუმარი და შესაბამისად მეტი შემოსავლები“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები