“ჩამოყალიბდა რაღაც დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციის საერთაშორისო ცნება მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რა ვითარებაც დღეს ამ კუთხით საქართველოში არსებობს.

მისი თქმით, „დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი ჩამოყალიბდა“, რომელიც ქვეყნისთვის სახელის შელახვას ცდილობს.

„ოპოზიციის ცნება საერთაშორისო სტანდარტით არის საკმაოდ განსხვავებული იმისგან, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ჩამოყალიბდა რაღაც დესტრუქციული სააკაშვილის კლასტერი, რომელიც ყველა თემასთან დაკავშირებით ცდილობს, სახელი შეულახოს საქართველოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ დასავლურ მედიაში საქართველოს წარმატებების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს წარმატებებს მთელი მსოფლიო აღიარებს.

„რაც შეეხება მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს, ფაქტები რომ არ გვქონდეს სახეზე, შეიძლება რაღაც კითხვის დასმა. არამარტო მედია, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ გვაქვს გარკვეული წარმატება და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს ბიუჯეტს, საქართველოს მოსახლეობას და არამხოლოდ ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით, არამედ ზოგადად. შედეგიც თვალსაჩინოა“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მსგავსი თემები