შშმ პირების დედებს, შვილის მოვლისთვის ხელფასი უნდა დაენიშნოთ – ემზარ კვიციანი

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატის ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ შშმ პირების დედებს ხელფასი უნდა დაენიშნოთ, როგორც მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებლებს.  

როგორც ემზარ კვიციანი აცხადებს, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად აქვს და პარლამენტში უახლოეს დღეებში შეიტანს. 

“ამ ადამიანებს, როგორც ყველაზე მძიმე სამუშაოს შემსრულებლებს, ხელფასები ეკუთვნის. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში უვლიან შშმ შვილს. მიუხედევად იმისა, რომ პირველი შვილი შშმ პირი ჰყავთ, კიდევ 4 და 5 შვილი გააჩინეს და უზრდიან ქვეყანას. მათ ეკუთვნით ხელფასი და ჩემი ვარაუდით მინიმალური ოდენობა 800 ლარი უნდა იყოს. ამაზე მიდის მსჯელობა, მუშაობენ იურისტები. ამ კანონის მიღება აუცილებელია და ამით საქართველო პირველი არ იქნება, მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში”, – აცხადებს ემზარ კვიციანი.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” აქტიური კანონშემოქმედებითი საქმიანობით გამოირჩევა, თუმცა მმართველი გუნდი მათ ინიციატივებს ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებს.

კვიციანი ამ თვალსაზრისით შერჩევითობის პრობლემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” დღემდე, არც ერთი ეროვნული და პატრიოტული კანონი არ მიუღია, საზოგადოების არც ერთო დაკვეთა არ შესრულებულა.

“დღემდე არ არის მიღებული, არც ერთი ეროვნული და პატრიოტული კანონი, რაც “პატრიოტთა ალიანსმა” შევიტანეთ პარლამენტში. საზოგადოების არც ერთი დაკვეთა არ შესრულდა. ამ თვალსაზრისით პარლამენტში შერჩევითობას ვხედავ. მე ვუყურებ, რომ კანონპროექტები, რომლებიც უცხოეთიდან გადათარგმნილი და დირექტივებით მოდის, ისინი ლიწინ-ლიწინით გადის და კანონად იქცევა ყველა კანონპროექტი, ხოლო ის, რაც ეროვნულია და ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი და საჭირო – შეჩერებულია. პირადად ჩემს მიერ მომზადებული ყველა საკანონდებლო ინიციატივა აბსოლუტურად არის ქართველი ხალხის შეკვეთა”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა. 

წყარო: Dalma News.ge


მსგავსი თემები