შს მინისტრი საზოგადოებას მოუწოდებს ეთნიკური შუღლის გაღვივებას არ შეუწყონ ხელი

“დარწმუნებული ვართ, დემარკაციის ფარგლებში სტრატეგიულ პარტნიორთან და მოძმე სახელმწიფოსთან ისეთ შეთანხმებას მივაღწევთ, რომ გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისე ჩვენი ეკლესიის ინტერესი”, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს. მან საზოგადოებას მოუწოდა სპეკულირებით ნუ გააღვივებენ ეთნიკურ შუღლს.

„რაც შეეხება დავით გარეჯს, რა თქმა უნდა, ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის ძალზედ ფაქიზი თემა. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და საზღვრის დემარკაცია მაქსიმალურად შესაძლებელ მოკლე ვადებში უნდა დავასრულოთ.ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას – არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან. რამეთუ, დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან შეთანხმებას მივაღწევთ ისეთს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობა, ისევე ჩვენი ეკლესიის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები