შსს, ნაადრევი ქორწინების 180-მდე ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით, საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით – „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.

როგორც შსს-ში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ნაადრევი ქორწინების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

“სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება უმეტესად ხდება შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას. ამ მხრივ, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ნაკლებობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინფორმაციო კამპანიაც,” – განაცხადეს შსს-ში

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებთან. დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც კამპანიის მიმდინარეობისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას გადასცემენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგი გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი თემები