„შსს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს“ – შსს-ს განცხადება 17 მაისზე


17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობასა და ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. უწყების განცხადებით, დაცული იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც კანონს არ გასცდება.

„ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილი მსვლელობა 17:00-საათზე დაიწყება, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები და კერძო პირები შეუერთდებიან. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მრევლი რეგიონებიდანაც ჩამოდის. მართალია ლგბტ საზოგადოების ღონისძიებები გადაიდო, თუმცა, დაპირისპირების საფრთხე მაინც არსებობს.

მსგავსი თემები