“შინდისის გმირებისა და ანწუხელიძის სისხლი ტყუილად არ დაღვრილა, საქართველო გაიმარჯვებს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე.

„ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან კარგი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ერთ მუშტად შეიკრა. ყველა ერთად რუსთაველზე დადგა. საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და თავისი ქვეყანა დაიცვა. ეს ნამდვილი გმირობაა, რადგან 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ შეძლო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და ქართველი ერის წელში გატეხა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ჩვენი ხალხის ერთიანობით, განსაკუთრებული გამბედაობით. ის, რაც ჩვენ 2008 წელს მოვახერხეთ, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ. 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით ივანიშვილი მოვიდა. საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მიზანია, საქართველოს ეკონომიკური განადგურება, უცხოეთში ხალხის მასობრივად გაყრა, პოლიტიკური პროცესის მოკვლა და ამავე დროს, დემოკრატიის ყველა ნიშან-სვეტის მოსპობა.

„მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი, მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საბოლოო გამარჯვება საქართველოს გამთლიანება იქნება. მე ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი. მე კარგად მახსოვს ქართული მიწის ყოველი გოჯი. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

რაც ჩვენ, პოლიტიკოსებმა 2012 წელში ვერ მოვახერხეთ, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები. მინდა, მათ მივესალმო. მინდა, იმ ადამიანებს მივესალმო, ვინც 20 ივნისს სიცოცხლე გარისკა, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, ვინც დაკარგა თავისუფლება ახლა ციხეებში იმყოფება, მაგრამ უკან არ დაიხია. ყველაფერი გამოგვივა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. შინდისის გმირებისა და ანწუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა. ჩვენ ვიქნებით ისევ ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ევრაზიაში, როგორც ვიყავით და ვიქნებით ბევრად მეტად. დიდება საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები